სირიაში მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ჯაბჰათ ალ-ნუსრამ" 16 ლიბანელი ჯარისკაცი და სამართალდამცველი გაათავისუფლა. საპასუხოდ, ლიბანის ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა 13 ისლამისტი. გათავისუფლებულ პატიმრებს შორის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის ყოფილი მეუღლე საჯა ალ-დულაიმია, რომელიც ლიბანში გასულ წელს დააკავეს.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, გათავისუფლების შემდეგ ის თურქეთში აპირებს გამგზავრებას.
ტყვეების გაცვლაზე მხარეები ყატარის შუამავლობით შეთანხმდნენ. სააგენტო "ასოშიეითედ პრესი" იტყობინება, რომ ლიბანელი ჯარისკაცები სატვირთო მანქანებით ლიბანი-სირიის საზღვარზე მდებარე ქალაქ არსალში ჩაიყვანეს. იქვე იმყოფებოდნენ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები და ასევე, მებრძოლები "ალ-ქაიდას" დროშებით, რომლებიც ტყვეთა გაცვლის პროცესს სახურავიდან აკვირდებოდნენ.
"ალ-ნუსრას" და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 29 ლიბანელი ჯარისკაცი არსალში გასულ წელს დაატყვევეს. 4 ჯარისკაცი სიკვდილით დასაჯეს. დანარჩენი ტყვეების გადაცემაზე მებრძოლები ჯერჯერობით უარს აცხადებენ.