პარლამენტის განათლების კომიტეტმა სასკოლო ასაკის 5 წლამდე შემცირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის განათლების კომიტეტმა სასკოლო ასაკის 5 წლამდე შემცირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა სასკოლო ასაკის 5 წლამდე შემცირების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

დეპუტატ კობა სუბელიანის კანონპროექტის განხილვა კომიტეტში დებატებით წარიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები დაასახელა და როგორც განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ბავშვები სკოლაში 6 წლის ასაკიდან მიდიან.

"მგონია, რომ თუ ბავშვს 6 წელი არ შეუსრულდა, ცოდოა, მისი სკოლაში გაშვება. გახსოვდეთ, რომ საქმე ბავშვებს ეხება. იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ, ამ ძალიან ფაქიზი თემის პოლიტიზირება, საჭირო არ არის", – განაცხადა კიღურაძემ.

თავის მხრივ, საკითხის ინიციატორი, დეპუტატი კობა სუბელიანი ამტკიცებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მშობელს ბავშვის 5 წლის ასაკიდან სკოლაში მიყვანის საშუალება უნდა ჰქონდეს. პროექტის მიხედვით საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ.

"რამდენიმე კვირის გამო, ბავშვებს სკოლის გარეთ ნუ დავტოვებთ. სამწუხაროდ, განათლების მინისტრი ყველაფერს უკუღმა იგებს და ეს საკითხიც უკუღმა გაიგო. რა პროგრამაა ისეთი, რომ 5 წლის ასაკის ბავშვმა ვერ დაძლიოს?! კერძო სკოლებში 5 წლის ბავშვები მაინც შევიდნენ და ვისაც ფული არ აქვს, ისინი გარეთ დარჩნენ. თუკი კანონი სკოლაში ხუთი წლის ბავშვის შესვლას კრძალავს, მაშინ ბავშვი არც ერთ სკოლას არ უნდა მიეღო" – განაცხადა კობა სუბელიანმა.

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი სუბელიანმა პარლამენტს მეორედ წარუდგინა.