ჯამბულ აბდულაევისა და მირიან ბერიძის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები

ჯამბულ აბდულაევისა და მირიან ბერიძის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები "ისლამური სახელმწიფოს" ვიდეოს მონაწილეებთან ნაცნობობისთვის დააკავეს

სუს-ის მიერ დაკავებული ჯამბულ აბდულაევისა და მირიან ბერიძის მშობლები აცხადებენ, რომ მათ შვილებს ჩხრეკისას "ისლამური სახელმწიფოს" დროშები და საბრძოლო მასალები სამართალდამცველებმა "ჩაუდეს".

ამის შესახებ ბრალდებულების მშობლებმა საქალაქო სასამართლოში დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე მიმდინარე დახურული პროცესის პარალელურად ჟურნალისტებს განუცხადეს.

როგორც ჯამბულ აბდულაევის დედამ, მერი ვანიძემ აღნიშნა, სამართალდამცველები მათთან სახლში ხმაურით შეცვივდნენ, ჯერ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი ჩხრეკა დაიწყეს.

"ჩემი შვილი იმ ღამეს ლოცვაზე იყო, რომ მოვიდა დავიძინეთ. აფეთქების ხმასავით გავიგე, შემდეგ კი რკინის კარები ჩამოამტვრიეს და შემოვარდნენ, ბავშვს ხელები გაუკოჭეს და გარეთ გაიყვანეს. მერე დაიწყეს ჩხრეკა, ჯერ მეორე სართულს ჩხრეკდნენ, შემდეგ კი ქვემოთ ჩამოვიდნენ. ჩემი შვილის კარადა იმ ღამეს დავალაგე, იქ არ ყოფილა არანაირი დროშა და იარაღი. მათ ჩადეს იქ დროშა და იარაღი, რომელიც ჩემს შვილს არ ჰქონია", - განაცხადა მერი ვანიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იცნობდა თუ არა მისი შვილი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული მუქარის შემცველ ვიდეოს მონაწილე ირემაძეს, მერი ვანიძემ აღნიშნა, რომ იცნობდა და მეზობელი იყო. ბრალდებულის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი სწორედ ირემაძესთან ნაცნობობის საფუძველზე დააკავეს.

"მეზობლები იყვნენ და მათთან, რა თქმა უნდა, ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, სირიაში წასვლის მერე კონტაქტი აღარ ჰქონიათ. მათი მეზობლობის გამო დაიჭირეს ჩემი შვილი, რომელიც არ აპირებდა არსად წასვლას", - განაცხადა დაკავებული ჯამბულ აბდულაევის დედამ.

კიდევ ერთი დაკავებულის მირიან ბერიძის მამის, დურმიშხან ბერიძის განცხადებით კი, მისი შვილი შესაძლოა იმის გამო დააკავეს, რომ მორწმუნეა.

"ჩემი შვილი მეორე კურსის სტუდენტია, მორწმუნე ბიჭია. შესაძლოა ამის გამო დააკავეს, ან იმიტომ, რომ ნათესაური კავშირი აქვს გავრცელებული ვიდეოს მონაწილე ირემაძესთან. ისინი დეიდაშვილები არიან", - განაცხადა დურმიშხან ბერიძემ, რომლის თქმითაც, არანაირი დროშა და ხელყუმბარა მის შვილს არ გააჩნდა და ის სამართალდამცველებმა მის შვილს "ჩაუდეს".

ასევე, ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ მის შვილი სირიაში წასვლას არ გეგმავდა.

საქალაქო სასამართლოში სუს-ის მიერ დაკავებული ოთხი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.