ბავშვების ბიოლოგიური ოჯახებიდან გაყვანა და მათი ბავშვთა სახლებში განთავსება ყოველგვარი საჭიროების გარეშე ხდება

ბავშვების ბიოლოგიური ოჯახებიდან გაყვანა და მათი ბავშვთა სახლებში განთავსება ყოველგვარი საჭიროების გარეშე ხდება

პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკანონდებლო ხარვეზების გამო, ყოველგვარი საჭიროების გარეშე ბავშვების ბიოლოგიური ოჯახებიდან გაყვანა და მათი ბავშვთა სახლებში განთავსება ხდება, - ამის თაობაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მირიან წიკლაურმა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც კომიტეტს "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა პროექტები წარუდგინა.

დეპუტატმა ლიცენზიის გარეშე მოქმედ ბავშვთა სახლების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და როგორც განმარტა, "უკეთესს შემთხვევაში საოჯახო ტიპის სახლებს ქმნიან, შემდეგ იწყებენ მოძრაობას ოჯახებში - ხშირ შემთხვევაში მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახებში და მათ ისეთ პირობებს სთავაზობენ, რომ ამას თანხმდებიან". წიკლაური ამბობს, რომ ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის არასაჭიროებისამებრ გაყვანა დანაშაულია და თან სერიოზული დანაშაული. დეტალების დაკონკრეტებისაგან დეპუტატმა დღეს თავი შეიკავა, თუმცა ამ თემაზე სხვა ფორმატში საუბრის მზადყოფნა გამოთქვა.

ბავშვთა სახლებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გასულ კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვთა სააღმზრდელო სახლები ისეთ საქმიანობას აწარმოებენ, რომელიც ბავშვის უფლებებს არღვევს. წიკლაურის ინფორმაციით, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა ასეთ სახლებს უკანონო სააღმზრდელო საქმიანობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკისრებული 3000-ლარიანი ჯარიმის გადახდა უღირთ.

რაც შეეხება პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტი "სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" კანონპროექტს, ასევე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", "სისხლის სამართლის კოდექსსა" და "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტებს განიხილავს, რომელიც სააღმზრდელო საქმიანობისათვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს და დამატებით სალიცენზიო პირობებს განსაზღვრავს. ამასთან, პროექტის მიხედვით, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა, შესაძლოა კრიმინალური ქმედება გახდეს და შესაბამის პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ამ კონტექტში საუბარია მცირე საოჯახო სახლებსა და სხვა ისეთი ტიპის დაწესებულებებზე, სადაც ბავშვები 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან.

"ბავშვთა ზრუნვასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იქეთკენ, რომ დიდი ინსტიტუციები მაქსიმალურად შემცირდეს, სასურველია, რომ გაუქმდეს კიდეც და უპირველესად ბავშვების აღზრდა ბიოლოგიურ ოჯახში მოხდეს. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, უნდა მოხდეს მისი გაშვილება, მანამდე კი, ბავშვის მინდობით აღზრდა. თუ ამის საშუალებაც არ არის, ასეთი ბავშვები მცირე საოჯახო ტიპის სახლებში უნდა იყვნენ განთავსებული. ამ მხრივ მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ბავშვთა სახლი დაიხურა და მოხდა ამ ბავშვების გადაყვნა მინდობით აღზრდაში და ზოგიერთ შემთხვევაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში", - განაცხადა მირიან წიკლაურმა.