საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც მოამზადებს მას სავარაუდო წევრობისთვის. ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიზაბეთ ტრიუდომ ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს პროგრესის აღიარება ან ასეთი პროგრესის არარსებობა ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე.
"საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი და ფასეული კონტრიბუტორია ნატო-ს ოპერაციებში. აშშ კვლავ რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგული. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, მოახდინოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, მათ შორის ნატო-ში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც მოამზადებს მას სავარაუდო წევრობისთვის", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში დღეს იწყება. მინისტერიალზე გადაწყდება, დაიწყებს თუ ალიანსი მოლაპარაკებებს მონტენეგროსთან, ამ ქვეყნის ალიანსში მიწვევის შესახებ.