ლაშა გობაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სახლში იარაღი და

ლაშა გობაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სახლში იარაღი და "ისლამური სახელმწიფოს" დროშა ჩაუდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ლაშა გობაძის დედა, მზევინარ გობაძე აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მათ სახლში იარაღი და "ისლამური სახელმწიფოს" დროშა ჩაუდეს. მზევინარ გობაძის თქმით, მისი დის შვილის, ხვიჩა გობაძის დაკავების შემდეგ შიში ჰქონდა, რომ მის შვილსაც შეეხებოდნენ.

"დილის 6:00 საათზე ფეხით შემოამტვრიეს კარი. რომ მოვიდნენ და თქვეს, რომ ჩხრეკა გვაქვსო, გავაფრთხილე, რომ სახლში ყურანის მეტს ვერაფერს იპოვნიდნენ. ვუთხარი, რომ რამე არ დამიდოთ და შვილი არ დამიღუპოთ-მეთქი. 30 კაცი იყო მოსული, მძინარე ლაშა გააღვიძეს და წაიყვანეს, თან წაიღეს სახლიდან კომპიუტერის პროცესორი და ტელეფონები. რაც ხვიჩა დააკავეს, ვშიშობდი ჩვენც არ შეგვხებოდნენ. დეიდაშვილები იყვნენ და ვიცოდი, რომ ჩემს შვილსაც საფრთხე ემუქრებოდა, რადგან 24 საათი ისინი ერთად იყვნენ. ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. ის ყურანსაც კითხულობდა და ბიბლიასაც და ამბობდა, რომ მათ შორის ბევრი საერთო იყო", - განაცხადა მზევინარ გობაძემ.

მისივე თქმით, ლაშა გობაძე ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა და თბილისელი უფროსი ჰყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მენეჯმენტზე სწავლობდა, მერე დაცვაში მუშაობდა, შემდეგ უკრაინაში წავიდა და მალევე დაბრუნდა.