გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობს

გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობს

2015 წლის 1-2 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს მინისტერიალს დაესწრება , სადაც მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილი მინისტერიალის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ბრიუსელში, დღეს ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალი იწყება. ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ, დაიწყოს თუ არა ნატო-მ მონტენეგროსთან მოლაპარაკებები ამ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე. მსჯელობა გაიმართება ასევე ავღანეთსა და უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და სხვა საკითხებზე.

მინისტერიალის დასაწყისში ისაუბრებენ ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მომავალი წლის გეგმებზე და ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების ფინანსურ მხარდაჭერაზე 2018-2020 წლებში. შეხვედრას დაესწრება ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სალაჰუდინ რაბანი.

მეორე სესიის მთავარი საკითხი "სამხრეთიდან მომავალი საფრთხეები" გახდება. ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანონსის თანახმად, დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი. როგორც მოსალოდნელია, ალიანსი თურქეთს მხარდაჭერას გამოუცხადებს და ნატო-ს პარტნიორებისთვის ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დახმარების გაზრდის საკითხებზე იმსჯელებს. სესიის ერთ-ერთი საკითხი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა იქნება.

დღის სესიაზე იგეგმება ასევე ჰიბრიდულ ომთან ბრძოლის შესახებ ახალი სტრატეგიის მიღება.

სამუშაო ვახშამზე მინისტერიალის მონაწილეები განიხილავენ რუსეთთან შემდგომ ურთიერთობას, უკრაინაში რუსეთის ქმედებების და ნატო-ს სამეზობლოში რუსული სამხედრო ძალების გააქტიურების კონტექსტში.

მინისტერიალის მეორე დღე დაიწყება მსჯელობით, მიიწვიონ თუ არა მონტენეგრო მოლაპარაკებებში ალიანსში გაწევრიანების შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. როგორც ცნობილია, აშშ-მ მონტენეგროს მიწვევას მხარი დაუჭირა.

მინისტერიალი უკრაინა-ნატო-ს კომისიის სხდომით დასრულდება, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი მიიღებს მონაწილეობას. მინისტრები ისაუბრებენ უკრაინაში რეფორმების პროცესზე და ნატო-ს პრაქტიკულ დახმარებაზე უკრაინისთვის.

რაც შეეხება საქართველოს საკითხს, სააგენტო "როიტერი" 28 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ მინისტერიალზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ განცხადება გაკეთდება.

როგორც "როიტერს", ნატო-ს ანონიმურმა წარმომადგენელმა განაცხადა, მინისტერიალზე "საგარეო საქმეთა მინისტრები წარადგენენ გარკვეულ ინსტრუქციებს სამომავლო მუშაობაზე სხვა ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან".