თამაზ მეჭიაური ჟურნალისტებს:  თქვენ მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ ჩემს შესაძლებლობებზე

თამაზ მეჭიაური ჟურნალისტებს: თქვენ მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ ჩემს შესაძლებლობებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საარჩევნო სიაზე შეჯერება "კარგ ვარიანტში დეკემბრის ბოლომდე და ყველაზე უკიდურეს ვარიანტში პირველ მარტამდე მოხდება". ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა კოალიცია "ქართული ოცნების" 2016 წლის საარჩევნო სიის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა უკვე ცნობილი სია და მისი პირველი ათეული, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ის არ პროცესში ჩართული არ არის.

"თქვენ მეტისმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ ჩემს შესაძლებლობებზე. მე არ ვარ ამ პროცესში ჩართული. არ ვფლობ ინფორმაციას, მითუმტეს, ამ სიის ათეულის შედგენაში არ ვმონაწილეობ", - განაცხადა მეჭიაურმა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარია, რომ მომავალ არჩევნებში მეჭიაური თეთრიწყაროს რაიონში იყრის კენჭს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ სიას რელობასთან კავშირი არ აქვს.

"რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ მე მაჟორიტარად ვიყრი კენჭს, საერთოდ ბუნებით მაჟორიტარი ვარ იმიტომ, რომ ადრე სულ მაჟორიტარად ვმონაწილეობდი ხოლმე, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამობაშია. მე მიწერია თეთრიწყარო. იქ სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, ღამეც არ გამითენებია. შემოგდებული ვარიანტია, არ მგონია, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს რეალობასთან, რადგან იქ სხვებიც ძალიან შეუსაბამოდ არიან გადანაწილებულები. თითქმის არც ერთია არ არის თავხვედრაში თავის რაიონთან. არ მგონია, რომ ვინმეს აზრად მოუვიდეს და ისეთი კანდიდატები დააყენოს, რომლებიც წინასწარ იქნებიან წასაგებად განწირულები. ყველა იქ უნდა დააყენონ, სადაც მეტი შანსი აქვთ", - განაცხადა მეჭიაურმა.

კითხვაზე – იქნება თუ არა თავად მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში, მეჭიაური აცხადებს, რომ არაფერი შეუძლია თქვას.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა უკვე სია, მეჭიაურის თქმით, შესაძლოა, ვინმესთან რაღაც მონახაზი არსებობს.

"შეიძლება ვინმესთან არსებობს, რაღაც მონახაზი. დასამალი არაა, რომ ბოლო შეხვედრაზე ითქვა, რომ თითოეულთან ინდივიდუალურად მოხდება გავლა და დეკემბრის ბოლომდე ან უკიდურეს ვარიანტში პირველ მარტამდე მოხდება შეჯერება, თუ ვინ შეიძლება გამოვიყენოთ პარლამენტში, ვინ - მთავრობაში და ვინ - სხვადასხვა სფეროში. ყველასთან ინდივიდუალურად მოხდება გავლა და ასე შეჯერება. ჩემთან მაგალითად ჯერ არ ყოფილა", - განაცხადა მეჭიაურმა.