რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება ე.წ. გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების ფორმირებას 2018 წლისთვის დაასრულებენ.
როგორც სააგენტო "სპუტნიკ-აბხაზია" იტყობინება, ამის შესახებ დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ განაცხადა.
როგორც სააგენტო იტყობინება, შესაბამის შეთანხმებას რუსულ და ე.წ. აფხაზურ ძალოვან უწყებას შორის რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი.
"რუსეთი უსაფრთხოების გარანტია, თუმცა ეს იურიდიულად უნდა იყოს დაფიქსირებული. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავადაც შეგვიძლია, რეალობას არ შეესაბამება, რადგან ჩვენი ტექნიკით ჩვენს უსაფრთხოებას ვერ ვუზრუნველყოფთ", - განაცხადა ქიშმარიამ.
მისი ინფორმაციით, უკვე შეირჩა გაერთიანებული დაჯგუფების დისლოკაციის ადგილი, სადაც სამხედრო ქალაქი აშენდება.
ქიშმარიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას შეუძლია, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა "აფხაზეთის საზღვრებს გარეთაც" მიიღოს.
რუსულმა მხარემ და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ დოკუმენტს 26 ნოემბერს მოაწერეს ხელი. როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, დაჯგუფების შექმნა "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ" შეთანხმებითაა გათვალისწინებული, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.