ექსპერტის ილია კევლიშვილის განცხადებით, აუქციონი ბაზრის აქტივობას ხელს შეუწყობს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, საბოლოოდ მაინც იყიდება ის ქონება, რაც საბაზრო ფასთანაა შესაბამისობაში.
კევლიშვილის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც საბაზრო ფასს მასთან დაკავშირებული ვალდებულებები განსაზღვრავს.
„ზოგადად აუქციონი ბაზრის აქტიოვბას, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს. ზოგადად აიქციონმა უნდა შეუწყოს ხელი გარკვეული ტიპის ტრანზაქციების ზრდას ბაზარზე. რაც შეეხება კონკურენციას, დღეს მიწოდება ისედაც მოთხოვნას აჭარბებს, იყიდება საბოლოოდ ის ქონება, რაც რეალურ შესაბამისობაშია საბაზრო ფასთან. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც რაღაც საჭიროებიდან გამომდინარე, როდესაც მესაკუთრე ბაზარზე დაბალ ფასში ყიდის, ხოლო ზოგიერთ მესაკუთრეს არ აქვს რაიმე აუცილებლობა და ფინანსური ვალდებულება მიბმული ამ ქონებაზე, ის ელოდება კარგ გაყიდვას. შეიძლება საბაზროზე ოდნავ მეტ ფასსაც ადებდეს თავის ქონებას, ვინაიდან იგი არ არის დროში შეზღუდული“, - აცხადებს კევლიშვილი.
სააუქციონო კომპანია „2X2“-ის მერკეტინგის მენეჯერის ლაშა ყიფშიძის თქმით, აუქციონის გამოჩენით, გაჩნდება სფერო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ განსხვავებულად ივაჭრონ.
მისი თქმით, მისი კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 8 დეკემბერს გამოჩნდება, ინოვაციურია იმ მხრივ, მისი დახმარებით, მომხმარებელს როგორც ფარეხის, ისე 10-მილიონიანი უძრავი ქონების გაყიდვა შეეძლება.
„პირველ რიგში გაჩნდება სფერო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ განსხვავებულად ივაჭრონ. აუქციონი ადამიანებს გაუადვილებს ყიდვა-გაყიდვის პროცესს. კიდევ ერთი პლიუსი ის აქვს ამ აუქციონს, რომ არ არის გათვლილი მხოლოდ მდიდარ ადამიანებზე. ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს შეუძლია მასში მოანწილეობა მიიღოს. მასზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ. ისეთი მოთხოვნები არ არის, რომ ძნელი დასაკმაყოფილებელი იყოს. მომხმარებელს როგორც სარდაფის, ისე 10 მილიონიანი კომერციული ფართის გაყიდვა შეეძლება“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
მისი თქმით, დღეს კვლევამ გვაჩვენა, რომ რეალური ფასები, აცდენილია ბაზრის ფასებს, სხვადასხვა ბროკერი, სხვადასხვა ფასს გაწვდის, არარეალური ფასებია.
„აღურიცხავია ფართებიც, ერთს გეუბნებიან, მიდიხარ და სხვა მდგომარეობა გხვდება. ეს საიტი ამ ყველაფრის რეგულაციაში დაეხმარება როგორც ბროკერებს, ისე მომხმარებლებს. ხშირ შემთხვევაში ბროკერების „გადაგდება“ ხდება ხოლმე, რაც ამ აუქციონის დახმარებით მოგვარებული იქნება. ასევე ვაფორმებთ ხელშეკრულებას ბროკერებთან. საიტი როგორც კი გაიხსნება, ბროკერებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, დადონ სახლები, ან კომერციული ფართები და დაიდება თუ არა, ნებისმიერს შეეძლება იყიდოს. ასევე იქნება ორ-სამდღიანი აუქციონები. ჩვეულებრივი აუქციონი ორკვირიანია. როცა ადამიანს ძალიან ეჩქარება ქონების გაყიდვა და უფრო იაფად ყიდის, რადგან თანხა ჭირდება, კომპანია ამ მომსახურებას სთავაზობს, როცა მაქსიმუმ 2-3 დღეში შეეძლება გაყიდოს ქონება და მიიღოს თანხა“, - აცხადებს ყიფშიძე.