"ქართულმა მხარემ მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს ალიანსის წევრობის შესახებ"

"საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია" საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას სპეციალური განცხადებით მიმართავს.

"1-2 დეკემბერს, ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. აღნიშნული სამიტის წინ გვსურს მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას. "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალცია" მოუწოდებს საქართველოს გააქტიუროს მუშაობა საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ასევე, არ დაიშუროს ძალისხმევა, რათა პირველი დეკემბრის ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დადებითი შედეგით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის, რამაც ნიადაგი უნდა მოამზადოს 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის. აუცილებელია საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა იმ პროგრესის სათანადო ასახვა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. მიგვაჩნია, რომ ქართულმა მხარემ მეტი აქცენტი უნდა გააკეთოს ალიანსის წევრობის შესახებ. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორ, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, რათა სათანადოდ შეაფასონ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ განვლილი გზა. ეს შეფასება კი აისახოს კონკრეტულ ქმედითუნარიან ნაბიჯებში, რათა ამ მინისტერიალმა ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებას", - ნათქვამია განცხადებაში.