აშშ გერმანიიდან რუმინეთში სამხედრო ტექნიკის 70-მდე ერთეულს აგზავნის. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეფ დევისმა განაცხადა. მიმდინარე თვეს, ჯავშანტექნიკის გაგზავნა იგეგმება ბულგარეთსა და ლიტვაშიც.
პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტექნიკა საშუალებას მისცემს ამერიკულ სამხედრო ძალებს, სწავლების დროს გადაადგილების სიჩქარე გაზარდონ.
"European Activity Set"-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო ტექნიკის 12 000-მდე ერთეული გადასროლას გეგმავს. მათ შორისაა ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და არტილერია.
მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, სამხედრო ტექნიკა შვიდ ევროპულ ქვეყანაში განალაგოს. მისი ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალები განლაგდებიან ბულგარეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, რუმინეთსა და გერმანიაში.