ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობა ნატო-ს დააკისრა. როგორც მან განაცხადა, ალიანმა თურქეთს "პოლიტიკურად ხელი დააფარა".
როგორც რუსული მედია იტყობინება, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრაზე გრუშკომ მას მტკიცებულებები გადასცა, რომლის თანახმად, თურქეთმა რუსული თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო.
თურქულმა გამანადგურებელმა "ეფ-16-მა" რუსული ბომბდამშენი "სუ-24" 24 ნოემბერს მას შემდეგ ჩამოაგდო, რაც თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, ფრენა გააგრძელა. რუსული მხარე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.