ნატოს წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინიტრები 1-2 დეკემბერს ბრიუსელში მხარს დაუჭერენ ალიანსის ახალ სტრატეგიას ჰიბრიდული ომის წარმოების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ეს ახალი ნაბიჯია. ჩვენი ახალი კონცეფცია დაგვეხმარება მზად ვიყოთ, რათა თავი დავიცვათ და შევაჩეროთ ასეთი ჰიბრიდული საფრთხეები", - აღნიშნა სტოლტენბერგმა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგზე საუბრისას.
გარდა ამისა, სტოლტენბერგის ინფორმაციით, მინისტრები შეაფასებენ იმას, თუ როგორ გაგრძელდება ალიანსის ურთიერთობა რუსეთთან. "რუსეთის ქმედებები უკრაინაში ახალ რისკებს აჩენს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენთვის აუცილებელია აღვადგინოთ პროგნოზირებადობა ჩვენს ურთიერთობებში", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მისივე ინფორმაციით, მოკავშირეები გააგრძელებენ მუშაობას გამჭვირვალობასა და რისკების შემცირებაზე. "ამის მნიშვნელობას ხაზი გაესვა იმ ინციდენტით, რომელიც მოხდა გასულ კვირას რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებით", - დასძინა სტოლტენბერგმა.