სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა.
მუფთებთან შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა და მას რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეც დაესწრო.
შეხვედრაზე პატრიარქმა ბოლო დროს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რთული სიტუაციაა.
"ორი კვირის წინ ვთქვი, რომ ამ ნეგატიურ მოვლენებეში რელიგიას არ აქვს კავშირი და ეს თვითონ ბოროტი ადამიანების მოქმედებაა. ამან ძალიან დიდი გავლენა და მნიშვნელობა იქონია. ჩემთან მოვიდა თურქეთის ელჩი და მე ამის გამო მადლობა გადამიხადა. ასევე მოვიდა აზერბაიჯანის ელჩი და იმანაც მადლობა მითხრა. ასე რომ, ძალაინ დროულად იყო ის ჩემს მიერ ნათქვამი, რომ მუსლიმანური რელიგია და ნებისმიერი რელიგია როგორ მისცემს იმის საშუალებას, რომ უდანაშაულო ხალხი დახოცონ", - აღნიშნა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს პათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას, თუ კიდევ რა გზებს ხედავენ ისინი, რათა ამ საფრთხის თავიდან აცილება მოხდეს. "მე მინდა თქვენგან მოვისმინო, რა გზები არსებობს კიდევ იმისთვის, რომ ეს საფრთხე თავიდან ავიცილოთ. მე მოხარული ვარ, რომ გხედავთ და ჩვენთან მობრძანდით", - აღნიშნა პატრიარქმა.
თავის მხრივ, საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რეზიდენციაში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
"თქვენ თქვით, რომ ისლამი არაფერ შუაშია. ტრადიციული ისლამი ყოველთვის სიმშვიდეს მოიცავს, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთდახმარებას. თქვენს სიტყვებში ეს ყველაფერი ამოიბეჭდა", - განაცხადა ქამაშიძემ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მადლობა გადაუხდა.
მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში ქართველი მუსლიმები ქართველ მართლმადიდებლებთან ყოველთვის მეგობრულად იყვნენ და ეს უნდა გაგრძელდეს.
"ყოველთვის უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ღირებულებებს, უნდა დავაფასოთ ერთმანეთის სარწმუნოება. გამოსავალს მე უფრო მეტად განათლებაში ვხედავ. სახელმწიფო თანადგომას გვიცხადებს ჩვენ, რომ საქართველოში გაიხსნას მედრესეს სახით სასწავლებელი, რომელიც ადამიანებს ძირითადი ისლამის სიყვარულს ჩაუნერგავს და არ იქნება მოძალადე", - განაცხადა ქამაშაძემ.
როგორც საქართველოს მუფთმა აღნიშნა, სახელმწიფომ დასავლეთ საქართველოში მედრესე შეუძინა, ასევე არის მზაობა, რომ აღმოსავლეთშიც მედრესეს სახით სასწავლებელი იყოს შეძენილი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიხმა რამინ იგიდოვმა აღნიშნა, რომ დიდი ხანია მათ ჰქონდათ სურვილი, პარტიარქთან ესაუბრათ. "ჩვენ კარგი და დადებითი შთაბეჭდილებები დაგვრჩა, როგორც ყველა სხვას, რომელიც პატრიარქს შეხვდება. მოხარულები ვართ და დადებითი შთაბეჭდილებებით მივდივართ", - განაცხადა რამინ იგიდოვმა.
თავის მხრივ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, შეხვედრა არსებული სიტუაციის ფონზე მიზანშეწონილია. "დემონსტრირება მოხდა იმ ტოლერანტობისა და თანამშრომლობისა, რაც ყოველთვის არსებობდა. განწყობა ძალიან დადებითია. უწმინდესის მხრიდან დემონსტირებული იყო ცნობილი მესიჯები და მუსლიმი თემისგანაც მოხდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოსთან ერთად, არსებული გამოწვევების ფონზე, ერთობლივად იმოქმედონ ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ვაშაყმაძემ.