"საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში"

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს კლიმატური ცვლილებების შემცირებისკენ მიმართული მოქმედების გააქტიურებას.

როგორც პრემიერმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლიას განაცხადა დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლებამ შეიმუშავა, 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 15-25-პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს.

"ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ დიდი ოდენობით განახლებადი ენერგიის გამოყენებასა და მის ექსპორტს. ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს კლიმატური ცვლილებების შემცირებისკენ მიმართული მოქმედების გააქტიურებას. ჩვენი დოკუმენტი - „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით“ ითვალისწინებს გამონაბოლქვის 15-25-პროცენტით შემცირებას 2030 წლისთვის. 2021-2030 წლების კლიმატთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომავალ წელს შემუშავდება, განსაზღვრული იქნება, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს და რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა დაგვჭირდება ამ პროცესში. ფაქტობრივად, საქართველო უკვე ეტაპობრივად დგამს ნაბიჯებს კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად. დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიაში, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვამზადებთ, განსაზღვრული იქნება გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ამომწურავი გზამკვლევი, რაც დაგვეხმარება შევასრულოთ ჩვენ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მწვანე კლიმატის ფონდის დაფინანსება დიდ გავლენას იქონიებს განვითარებადი ქვეყნების მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის სამიზნეების მიღწევაზე.

"პარალელურად საქართველო მუშაობს ემისიის შემცირების ეროვნულ გეგმაზე. საერთაშორისო მხარდაჭერით უკვე შევიმუშავეთ ამ მექანიზმის კონცეფციები საქალაქო ტრანსპორტთან, საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტიანობასთან და სოფლად ხეტყეზე მომუშავე ენერგოეფექტიან ღუმელებსა და მზის კოლექტორებთან დაკავშირებით. გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული ეს ზომები შესულია მწვანე კლიმატის ფონდის მზადყოფნის პროგრამაში, რომელიც ამჟამად მზადდება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ადაპტაციის ზომებისა და პარალელური მოქმედების შემუშავებასთან ერთად. ცხადია, რომ მწვანე კლიმატის ფონდის დაფინანსება დიდ გავლენას იქონიებს განვითარებადი ქვეყნების მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის სამიზნეების მიღწევაზე", - განაცხადა პრემიერმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.