"უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რთული მთიანი ტოპოგრაფიის გამო, საქართველოში განსაკუთრებით ხშირია სტიქიური მოვლენები.

პრემიერმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქია გაიხსენა და აღნიშნა, რომ კლიმატური ცვლილებებისგან არავინაა დაზღვეული.

"საქართველოს რთული მთიანი ტოპოგრაფიის გამო, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ხშირია სტიქიური მოვლენები - წყალდიდობა, მეწყერი და ღვარცოფი. გავიხსენებ ივნისში ჩვენს დედაქალაქში მომხდარ წყალმოვარდნას, რომელმაც 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ზოოპარკი. გარდა ამისა, ზღვის დონის აწევამ გამოიწვია ქარიშხლებისა და სანაპიროს ეროზიის ინტენსიფიკაცია, რამაც შედეგად მოიტანა სანაპიროებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება. უარყოფითი გავლენა, რომელიც კლიმატურმა ცვლილებებმა შეიძლება მოახდინოს ჩვენს ეკოსისტემასა და ეკონომიკაზე, განამტკიცებს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას დაბალი ემისიის მქონე, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით და აძლიერებს ჩვენს მოტივაციას, გავაათმაგოთ ადაპტაციისკენ მიმართული ძალისხმევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მას სჯერა, რომ კონფერენციაზე კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებითი და ამბიციური შეთანხმება მიღწეული იქნება.

"სერიოზული გამოწვევების ფონზე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი გრძელვადიანი მიზნები. პირიქით, დარწმუნებული ვარ, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ერთობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის დემონსტრირება. დღეს მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ წარმატებით მივაღწევთ არსებით და ამბიციურ შეთანხმებას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ტოტალურ და არაპროგნოზირებად შედეგებს, რითაც საფრთხე დაემუქრება მილიონობით ადამიანის ცხოვრებას. სწორედ დღეს არის მოქმედების დრო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.