მთავრობამ პარლამენტს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დაუბრუნა

მთავრობამ პარლამენტს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დაუბრუნა

პარლამენტში დღეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი შევიდა. საბიუჯეტო პროექტში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ესაუბრა.

დეპუტატის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 225 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მისივე თქმით, ეს ზრდა შემდეგნაირად ნაწილდება: - დაახლოებით 90 მილიონი მიმართული იქნება პენსიის 20 ლარით გასაზრდელად, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის პროგრამას 15 მილიონი ემატება, სპორტული ღონისძიებებისთვის ასევე 15 მილიონის დამატება ხდება. 10 მილიონი ლარი ემატება ეკონომიკის სამინისტროს. ასევე დაფინანსება ეზრდება სასჯელაღსრულების სამინისტროს. გარდა ამისა, მეჭიაურის ინფორმაციით, ხვნა-თესვის პროგრამისათვის მობილიზებული იქნება 48 მილიონი ლარი.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად პარლამენტს ვადა 18 დეკემბრამდე აქვს.