პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს, რომ მოწმის დაკითხვის წესის ცვლილებების განხორციელებისას მას ინსტიტუციით დადგენილი ვადების და პროცედურების სრულყოფილად გამოყენების საშუალება მიეცეს.
ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
"წარმოდგენილი კანონპროექტი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია, ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ყურადღება მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით არაერთხელ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი. გამომდინარე პარლამენტის და პრეზიდენტის ინსტიტუციების კოლეგიალური, ეფექტური თანამშრომლობის საჭიროებიდან, სასურველად მიგვაჩნია და მოგმართავთ თხოვნით, რომ ამ კანონპროექტის განხილვა, მიღება განხორციელდეს იმგვარად, რომ პრეზიდენტს მიეცეს კონსტიტუციით დადგენილი ვადების და პროცედურების სრულყოფილად გამოყენების საშუალება", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
იუსტიციის მინისტრმა მთავრობას ოთხი უწყების მიერ მომზადებული მოწმის გამოკითხვისა და დაკითხვის ახალი წესი გასულ კვირას წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის უმნიშვნელოვანესი სიახლეა ის, რომ მოწმის ურთიერთობა გამოძიების ორგანოებთან ნებაყოფლობითი ხდება: მას ვერავინ აიძულებს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ მისცეს ინფორმაცია გამომძიებელს ან დაცვის მხარის წარმომადგენელს, ან მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ოჯახის წევრის წინააღმდეგ.