ბარაქ ობამა პარიზში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

ბარაქ ობამა პარიზში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა რუს კოლეგას პარიზში, კლიმატური ცვლილებების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. როგორც მედია იტყობინება, შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ნახევარსაათიანი საუბარი დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

როგორც მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ობამამ და პუტინმა სირიასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

პესკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსული სუ-24-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ უკრაინაში კრიზისის დარეგულირების მიზნით, საჭიროა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების სწრაფი რეალიზება.

რაც შეეხება სირიის საკითხს, როგორც პესკოვმა აღნიშნა, ობამამ და პუტინმა სირიაში პოლიტიკური დარეგულირების პროცესის დაჩქარებას დაუჭირეს მხარი.