"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ აკაკი ბობოხიძის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ალოგიკურია და ამან შესაძლოა რაიონები ერთმანეთს დაუპირისპიროს.
"ეს ცვლილებები არის არა მხოლოდ მავნებლური, არამედ ხიფათის შემცველი გადაწყვეტილება. მავნებლურია იმ თვალსაზრისით, რომ ერთ საარჩევნო ოლქში გაერთიანებულია ისეთი რაიონები, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ, მაგალითად, ბაღდათი და ხარაგაული. დამაბნეველია იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ ორი რაიონის ფარგლებში გაერთიანებულია მესამე რაიონის სოფლები და ადამიანები უბრალოდ დაიბნევიან - ვინ არის მათი გამგებელი, დეპუტატი. ერთსა და იმავე ოლქს სხვადასხვა დეპუტატი ეყოლება და ა.შ. რაც ყველაზე სახიფათოა, ამ კოდექსმა შესაძლოა რაიონების ერთმანეთთან დაპირისპირება გამოიწვიოს", - განაცხადა ბობოხიძემ.
ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ტყუის, როცა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს.
"ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მთავარ არგუმენტად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნევა. ანუ, ის, რომ ოლქებში ამომრჩეველთა შორის არათანაბრობაა. ეს არის მტკნარი სიცრუე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომ ოლქებს შორის განსხვავება ძირითადად 10% და გამონაკლის შემთხვევაში 15% უნდა იყოს. წარმოდგენილი კანონპროექტით, რომელიც დღეს იქნა ინიცირებული, განსხვავება 805-საც აჭარბებს", - განაცხადა გოგორიშვილმა.