"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მმართველი გუნდის პირობას - მაჟორიტართა არჩევის ბარიერის 50%-მდე გაზრდის შესახებ არ ითვალისწინებს.
როგორც ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, მაჟორიტარული არჩევნების ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით ცვლილებები აუცილებლად მომზადდება და ამ მხრივ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იცვლება.
"ახლა, უბრალოდ, პირველი რიგის ამოცანა იყო, დროულად დაგვეწყო პროექტის ინიცირება მაჟორიტარული ოლქების დაყოფის სქემასთან დაკავშირებით, რათა ეს ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ, მათგანაც მივიღოთ დასტური ან შენიშვნები, შეესაბამება თუ არა მომზადებული პროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რათა შემდეგ კანონში დროულად ავსახოთ. ეს მხოლოდ ამის სიჩქარით არის გამოწვეული. 50%-იანი ბარიერის პირობა აუცილებლად შესრულდება", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების, ან პირიქით - გაყოფის, ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ შედეგად, შეძლებისდაგვარად მიღწეული იქნება ხმათა თანაბარწონადობა და ამით საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.