დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ყოველწლიური დიალოგის "უორდროპის დიალოგის" მეორე შეხვედრის სესიის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, სჯერათ, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი, განვითარების გზა. "ვემხრობით მის მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი", - აღნიშნა დევიდ ლიდინგტონმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ყოველწლიური დიალოგის არსებობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში და აღინიშნეს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის თვალსაზრისით ბოლო პერიოდში არსებული მაღალი დინამიკა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს იმ სოლიდარობისთვის, რასაც იგი ავლენს საქართველოს ევროპული არჩევანის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდის განმალობაში დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ შეძლეს განევითარებინათ რეალურად მჭიდრო ურთიერთობა, რაც მეგობრობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება.
უორდროპის დიალოგის პლენარულ სესიამდე, გაიმართა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა. გიორგი კვირიკაშვილმა და დევიდ ლიდინგტონმა განიხილეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხს, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას, ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებას, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი წლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით.
დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის საკითხებში ფილიპ ჰამონდს.