საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც 73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები იცვლება, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტს უმრავლესობაში შემავალი შვიდი ფრაქციიდან ექვსი ფრაქცია აწერს ხელს. მას ხელს არ აწერს ფრაქცია - "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები".
პროექტის მიხედვით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება. საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით – გაყოფის ან მუნიციპალიტეტთან სხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიერთების გზით 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, ხოლო 13 მუნიციპალიტეტის (საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ქალაქ ზუგდიდის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტები) საზღვრები თანხვედრაში იქნება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ შედეგად, შეძლებისდაგვარად მიღწეული იქნება ხმათა თანაბარწონადობა და ამით საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.