პრეზიდენტი მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კონსტიტუციით დადგენილი ვადების სრულყოფილად გამოყენების საშუალებას ითხოვს

პრეზიდენტი მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კონსტიტუციით დადგენილი ვადების სრულყოფილად გამოყენების საშუალებას ითხოვს

პრეზიდენტი მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე კონსტიტუციით დადგენილი ვადების და პროცედურების სრულყოფილად გამოყენების საშუალებას ითხოვს.
პრეზიდენტის ეს მოთხოვნა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ დააყენა. კვერენჩხილაძემ აღნიშნა, რომ საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია.
"პარლამენტში ინიცირებულია და ბიუროს წინა სხდომაზე დარეგისტრირდა მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. იმავდროულად, ასევე მოგეხსენებათ, რომ მოქმედ კანონს მოქმედების ვადად განსაზღვრული აქვს მიმდინარე წლის 31 დეკემბერი. ცნობილია, რომ წარმოდგენილი პროექტი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია. ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ყურადღება მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი და საჯარო განხილვის საგანი. პარლამენტის და პრეზიდენტის ინსტიტუციების კოლეგიალური და ეფექტური თანამშრომლობის საჭიროებიდან გამომდინარე, სასურველად მიგვაჩნია და მოგმართვათ თხოვნით - კანონპროექტის განხილვა, მიღება განხორციელდეს იმგვარად, რომ პრეზიდენტს მიეცეს კონსტიტუციით დადგენილი ვადების და პროცედურების სრულყოფილად გამოყენების საშუალება", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ უპასუხეს. კობახიძის თქმით, პრეზიდენტი ვადებში არ შეიზღუდება.
ვახტანგ ხმალაძის განმარტებით კი, კანონპროექტს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პარასკევს იხილავს, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - ერთ კვირაში.