სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომელიც "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნას ეხებოდა სრულიად გააუქმა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის იურისტების მოთხოვნა ყადაღის გაუქმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, იურისტის განმარტებით, ტელეკომპანიის წილებზე ყადაღა ძალაში დარჩა, ასევე ძალაში დარჩა უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, გაუქმდა თამაზ ურთმელიძის განჩინების ის ნაწილი, რომლის მიხედვით, ტელეკომპანიას გაქირავების უფლება ჰქონდა შეზღუდული.
"ახლა მედია-საწარმოს აქვს გაქირავების უფლება 3-თვიანი ვადით, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს წლიური ანგარიშის დამტკიცების უფლება დაუბრუნდათ, რაც თამაზ ურთმელიძის განჩინებით შეზღუდული ჰქონდათ.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის საჩივარს, ისევე როგორც საქალაქომ, სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის საჩივარი, რომელიც "რუსთავი2"-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვას ითხოვდა.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს დანარჩენ ნაწილში, როგორც "ინტერპრესნიუსს" ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განუცხადა, მცირე ნაწილში დაკმაყოფილდა მოპასუხე მხარის მოთხოვნები და ძირითადად სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელის ინტერესებში შედიოდა.