კლიმატის ცვლილებებზე ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია გაიხსნა

კლიმატის ცვლილებებზე ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია გაიხსნა

"ექსპო-ჯორჯიაში" კლიმატის ცვლილებებზე ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია "20C : კლიმატის ცვლილების პოლიტიკის გააზრება და პარიზის კონფერენციის მნიშვნელობა" გაიხსნა.

კონფერენცია პარიზში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 21-ე კონფერენციის პარალელურად ეწყობა და მასზე კლიმატის ცვლილების სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები და პარიზის კონფერენციის მნიშვნელობა განიხილება.

კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი.

როგორც ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, საქართველო ნამდვილად არ არის ერთ-ერთი მსხვილი დამაბინძურებელი ქვეყანა მსოფლიოში. თუმცა, ის ეფექტი, რომელიც აქვს კლიმატის გლობალურ გამოწვევებს, საქართველოზეც ვრცელდება. კერძოდ, მისი თქმით, ძალიან სენსტიურია ჩვენი ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც გახშირებულია.

"პარიზში შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი წელიწადია დღევანდელი დღისთვის მსოფლიოში მზადება მიმდინარეობს. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების გამოწვევის ერთობლივი ძალისხმევის მობილიზებას. ბუნებრივია, ჩვენ ვართ მსოფლიოს ნაწილი და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იქნება, თუ ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებაზე ერთობლივი ქმედების შედეგად უნდა მიიღოს ქვეყანამ, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი სამუშაო გასწია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო ამ შემთხვევაში, როგორც ერთ-ერთი კონტრიბუტორი ერთობლივი ძალისხმევისა, კონფერენციაზე წარმოდგენილი ყოფილიყო სოლიდური რეალური გეგმით, რომლის შესრულების ვალდებულება ყველა სახელმწიფოს აქვს", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოსა და ევროკავშირის გამოცდილების და გეგმების განხილვა მოხდება, რომლებიც ხელს შეუწყობს გლობალურ ძალისხმევას.

დღეიდან 11 დეკემბრამდე პარიზში იმართება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონკენციის მხარეთა 21-ე კონფერენცია. პარიზში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება უნივერსალური, იურიდულად სავალდებულო კლიმატური შეთანხმების დადება, რომელიც ძალაში 2020 წელს შევა.