რენო სალენსი იმედოვნებს, რომ პარიზის კონფერენცია შედეგიანად დასრულდება

რენო სალენსი იმედოვნებს, რომ პარიზის კონფერენცია შედეგიანად დასრულდება

საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი იმედოვნებს, რომ პარიზის კონფერენცია შედეგიანად დასრულდება და კლიმატური შეთანხმების დადება მოხდება.

ამის შესახებ რენო სალენსმა ჟურნალისტებს "ექსპო ჯორჯიაში" განუცხადა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობა პარიზში მიმდინარე კლიმატური სამიტის პარალელურად ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებას მართავს. ღონისძიებაზე განიხილავენ პარიზის კონფერენციის მნიშვნელობას და ასევე 20C კლიმატის ცვლილების პოლიტიკას.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარიზში გაიხსნა კლიმატის კონფერენცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელიც ოდესმე ყოფილა ორგანიზებული კლიმატის საკითხებზე. სამიტში 150 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არის საქართველო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს. კონფერენცია ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ქვეყნები წარადგენენ თავიანთ ხედვებს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც კლიმატის ცვლილებებს შეეხება, მათ შორის თავის მოსაზრებებს წარადგენს საქართველო", - განაცხადა რენო სალენსმა.

მისივე თქმით, პარიზის კონფერენციაზე განსახილველი მთავარი საკითხი არის მსოფლიოში სათბურის აირების ემისიების შემცირება, რათა მოხდეს გლობალური დათბობის შეზღუდვა 20C ქვემოთ. ამასთან მოხდეს ადაპტაცია კლიმატის არსებულ ცვლილებებთან. წარდგენილი იქნება ფინანსური პაკეტი განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის და ასევე ერთ-ერთ ძირითად ასპექტს წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები. რენო სალენსის თქმით, პარიზის კონფერენციის შეთანხმება სამოქალაქო საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს.

"შეიძლება იფიქროთ, რომ ორი კვირა ძალიან ბევრია ან ცოტაა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამ დროის განმავლობაში მოხდება შედეგის მიღწევა, ვინაიდან წინა კონფერენციები, როგორც იცით ჩავარდა. ვიმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში გვექნება შედეგი, რადგან ეს პლანეტის მომავალს ეხება და მოგვიანებით შეიძლება ძალიან გვიან იყოს", - განაცხადა რენო სალენმა.

პარიზში დღეიდან 11 დეკემბრამდე იმართება 21-ე კონფერენცია, რომელიც კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერთიანებული ერების ჩარჩო კონვენციას ეძღვნება. კონფერენციაზე დაახლოებით 40 000 მონაწილე შეიკრიბება, თითოეული ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით. პარიზის კონფერენციის მთავარი ამოცანა, უნივერსალური, იურიდიულად სავალდებულო კლიმატური შეთანხმების დადება, რომელიც ძალაში 2020 წელს შევა.