ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხზე იმსჯელებს

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხზე იმსჯელებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტი სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხზე იმსჯელებს. როგორც "სპუტნიკ ოსეტია" იტყობინება, ამის შესახებ ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

"ვწუხვარ, რომ სამხრეთ ოსეთში სომეხთა გენოციდი აქამდე არ აღიარეს. ახლა ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში დგას", - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთს თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესების არ უნდა ეშინოდეს, რადგან არც ერთ მათგანთან ურთიერთობა არა აქვს.

"თურქეთი ხელს უწყობს პროპაგანდას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ან ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მოქალაქეების რადიკალიზებას უზრუნველყოს. შემდეგ თურქეთი ამ ადამიანების ჯერ საკუთარ ტერიტორიაზე, შემდეგ კი სირიაში გადაყვანას უწყობს ხელს.

თურქეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოს გეგმებს, გაწევრიანდეს ნატო-სა და ევროკავშირში. თურქეთისთვის საქართველო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო. თურქეთმა არც ერთხელ არ დაგმო საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, არამედ ჯიუტად მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალიების აღიარებაზე უარს ამბობდა", - განაცხადა ბიბილოვმა.