დიტო გელოვანი: დედაბრის შვილი და მზე ჩრდილოეთისა

დიტო გელოვანი: დედაბრის შვილი და მზე ჩრდილოეთისა

ერთ საწყალ დედაბერს ზარმაცი შვილი ჰყავდა. ბავშვობიდან შეიძულა შრომა და არ იქნა, ხელი ვერ გაანძრევინეს. „ნენავ, შვილო, რაღა დროის შენი ბალღობაა, აგერ შეიჯოშე ვაჟკაცი, დაფაცურდი, ხელი გაანძრიე, ხომ ხედავ, დავბერდი, მეტი აღარ შემიძლიაო“ – ეუბნებოდა დედამისი. ბიჭი კი, არხეინად გაიწოდინებდა და, თუ მაძღარი იყო, მეზობლებში საღლაბუცოდ წავიდოდა. „მე მიწადასაჭმელმა, ერთი შვილის პატრონი ვარ და ბალღობას წელს როგორ მოვსწყვეტ–მეთქი, ვიფიქრე, შევაჩვიე ალმაცარიობას და ახლა ისე გაზარმაცდა, რომ სული რომ გეჯერებოდეს, ერთ მუგუზალს არ წაგიწევს. ჩემი შვილის საყვედურს კი არ უნდა ვჩიოდე, ჩემი დღე მას შეემატა, მაგრამ ასე რომ წახდა, იმას ვჩივიო“ – ეუბნებოდა მეზობლებს საწყალი დედაბერი.

– შვილი მტრულად გაზარდე და მოყვარე იქნება შენიო – პასუხობდნენ მეზობლები.

ბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, ურჩიეს დედას: მოჰგვარეო ქალი, ეგება ცოლ–შვილმა ჭკუაზე მოიყვანოს, თორემ მაგას მეტი არაფერი უშველისო.

(„ზარმაცი კაცი“ – ქართული ხალხური ზღაპარი)

შენ დედაბერი ეძახე და... თან, საწყალი დედაბერიო. საწყალი დედაბერი ეძახე და იმის ერთადერთ შვილს კიდევ – ზარმაცი. ის დედაბერია, მშვენივრად რომ გამოიყურება და იმის შვილია, დედას რომ მოესწრო. არა, რა... კი, ჰო? კი, კი... ზღაპარი ზღაპარია, რეალობა – რეალობა, ხოლო ის, რაც ხდებოდა გასულ კვირაში ჩვენი ზღაპრული რეალობაა. 

საწყალი დედაბრის ამბავში და მისი ზარმაცი შვილის გაგებაში ასეთი ამბავი მოხდა: „თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გამართული სამართლებრივი ოლიმპიადის გამარჯვებული საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამარჯვებული გუნდი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ დააჯილდოვა და მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის სიმბოლო, თემიდა გადასცა“.

კოკა სეფერთელაძეს რომ ვუყურებ, ერთ რამეს ვფიქრობ: მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის სიმბოლო თემიდაა, თანაგრძნობის, გულისხმიერებისა და სამყაროს სევდის სიმბოლო კი ნამდვილად კოკა სეფერთელაძის თვალ–წარბია. მაგრამ სეფერთელაძე იქით იყოს, დედაბერს მივუბრუნდეთ.

„სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ექვსწევრიანმა გუნდებმა, ერთმანეთს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გაუზიარეს. გამარჯვებული გუნდი კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა“ – ნიუსი სააგენტომ გაავრცელა, თუმცა ვერ გეტყვით, ვისგან გაიგო ეს ამბავი – პირადად კოკასგან, პირადად გიულისგან თუ პირადად ქალაქელი მოსამართლეებისგან. რადგან არ ვიცით, უნდა ვივარაუდოთ და უნდა ვივარაუდოთ ყველაფერი, მათ შორის – „კომპეტენტური ჟიურის“ შემადგენლობაც, რომელიც მე ასე წარმომიდგენია: ძმები კუბლაშვილები, ძმები ახალაიები, მამა–შვილი გაბაშვილი, დედა–შვილი მერაბიშვილი, ქლიბი ბაქრაძე, ბრტყელტუჩა ვარძელაშვილი და „კუსაჩკა“ ქობალია. „ატკრივალკა“სააკაშვილი საქმეში არ ჩარეულა. იგი, როგორც ზღაპარშია აღნიშნული, ერთი კარგად გამოძღა და მეზობლებში წავიდა საღლაბუცოდ.

„ურთიერთობები, რომელიც ჩვენს შორის ყალიბდება, არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ურთიერთობები“ – უთხრა სააკაშვილმა ალიევს და ის იყო, ყველას ეგონა, ახლა ზასაობას დაიწყებენო, რომ ალიევმა იმ ყველას ცივი წყალი გადასხა: „ჩვენ ვართ მეგობრები, უფრო სწორად - ძმები“.

ხოლო ძმებს შორის, მოგეხსენებათ, ზასაობა არ მოსულა, თუ, რა თქმა უნდა, იმ ძმებს ლიბერალიზმი ისე არ ესმით, როგორც ესმოდათ პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას ჯარისკაცებს. ხომ გეუბნებით – მთავარია გაგება. 

„ყურბან საიდის ცნობილი რომანი „ალი და ნინო“ აზერბაიჯანულ-ქართული მეგობრობის ყველაზე ლამაზი ძეგლია. ეს ნაწარმოები უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი დრამა, რადგან ის ასახავს კავკასიის წარსულს, აწმყოსა და მომავალს“ – ასე ესმის სააკაშვილს საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობის არსი, ხოლო რაც შეეხება საბოლოო მიზანს... „ჩემო აზერბაიჯანელო დებო და ძმებო, რისი გაკეთებაც დღეს ერთად შეგვიძლია არის ის, რომ ხელახლა დავწეროთ „ალის და ნინოს“ დასასრული“ – ესეც სააკაშვილმა თქვა და „კავკასიელი ტყვე ქალიდან“ საახოვი გამახსენდა, შურიკას რომ ეუბნება: „...სკაზკუ ფრევრათიც ვ ბილ“.

ნუ... ალიევი ალის შვილთაშვილია და ალიევია, სააკაშვილი კი გიულის შთამომავალია და საახოვის პონტში გადის.

„ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდეც იმას, რომ ალის და ნინოს სიყვარული უცხოელმა დამპყრობლებმა არასდროს აღარ გათელონ. ჩვენ შეგვიძლია და უზრუნველვყოფთ კიდეც იმას, რომ დღევანდელმა და ხვალინდელმა ალიმ და ნინომ იცხოვრონ თავისუფალ, ბედნიერ, წარმატებულ ქვეყნებში, დატკბნენ საკუთარი სიყვარულითა და თავისუფლებით, შორს ომისგან, ყოველგვარი ზემოქმედებისა და დაქსაქსვისგან. ეს შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება. ეს უკვე ხდება!“ – რომ გითხრათ, ეს სიტყვები ჰეიდაროვიჩს ეკუთვნის–მეთქი, რა თქმა უნდა არ დაიჯერებთ. დიახ, ხვალინდელ ალიზე და ნინოზე ნიკალაევიჩი საუბრობდა.

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ჩვენთანაც, წიგნებისა და ფილმების გმირებს ძეგლებს უდგამენ, თუმცა რაც დრო გადის, მიხეილ სააკაშვილი ახალ–ახალი ინოვაციური პროექტებით გვაკვირვებს. გვაკვირვებს–მეთქი... შევცდი – გვაცინებს: მესტიაში თამარ მეფე გაბერილ ცხენზე შესვა, რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედი დააყენა, ბათუმში კვერცხებზე შლოპანცები შემოაწყო, არარსებულ ქალაქში ნახევარიმილიონი კაცი დაასახლა... „ჩვენ ვახორციელებთ ახალ ენერგეტიკულ პროექტს, ვაშენებთ ახალ რკინიგზას, ასევე შევთანხმდით ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საერთო განაცხადი შევიტანოთ... სხვა ბევრი საერთო პროექტიც გვაქვს“ – განაცხადა სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას და...

და დარბაზი გაბრწყინდა!!! 250 თუ 300 აზერი კანონმდებელი პირდაღებული იჯდა, ერთდროულად ელვარებდა 10 ათასამდე ოქროს კბილი... ყველას ენა ჩაუვარდა, ყველას ერთი კითხვა დაებადა – „შენ, შემთხვევით...“ და იყო კითხვის შესაბამისი რჩევაც: “ხელი მოისვი“.

„ხელი მოისვი“ – ეს ქართულად არის, მოკლედ და სხარტად რომ გამოითქმის, თორემ აღნიშნული ორი სიტყვა აზერბაიჯანულად გაცილებით გრძლად ითქმება. ისე, როგორც აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა თქვა: “რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება მარტო შეუძლია. ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვყავს, როგორიც ილჰამ ალიევია. ჩვენი პრეზიდენტი სხვა ქვეყნების სახელმწიფოების ხელმძღვანელებზე ძლიერია. ჩვენ დიდი ტურნირის ჩატარება ქართველების გარეშეც შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში, მათთან ერთად ეს რატომ უნდა გავაკეთოთ? ჩვენთან შედარებით საქართველო სუსტი და ღარიბია. მათ უნდათ რომ “მოგვეწებონ”, ჩვენ კი, ეს არ გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადა სხვების დახმარების გარეშე ჩავატაროთ. ამისთვის ყველა საშუალება გვაქვს. რაც მთავარია – ჭკუა და სიმდიდრე”.

ღატაკები ხართ და იდიოტებიო – მეტი რაღა უნდა ეთქვა? გვეწებებიანო... თბილისქალაქურად – გვეტენებიანო.

ახლა, ისე გამოდის, თითქოს ნინო ეტენებოდა ალის და ისიც ხომ გვახსოვს, როგორ გაურბოდა ვარსქენს შუშანიკი?!

რა ვართ ეს ქართველები!..

რა ვართ და, აი ეს: დატრიალდა სიჭინავა, დაბზრიალდა ვარძელაშვილი, დაფაცურდნენ სხვებიც, მაგრამ დომენტი სიჭინავამ ერთხელ რომ თქვა, ქართველები ფეხბურთს ჯერ კიდევ შუშანიკის დროიდან ვთმაშობთო, მაგაზე სასაცილო რამე იმ ბრტყელტუჩა ვარძელაშვილმა თქვა: „პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანს იმიტომ შესთავაზა ერთობლივი განაცხადის წარდგენა, რადგან ცალ-ცალკე ჩემპიონატის მასპინძლობის შანსი უფრო მცირე იქნებოდა“.

ანუ, ერთად მცირე შანსი გვაქვსო, მაგრამ ცალ–ცალკე უფრო მცირე შანსი გვექნებოდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ სიჭინავასა და ვარძელაშვილის ტვინები ერთ ჭურჭელში რომ მოვათავსოთ, ვირის ჭკუაზე ოდნავ მეტს მივიღებთ.

ის როგორ იყო?.. სიჭინავამ რომ თქვა, ხორვატიაში რომის პაპა ჩადიოდა და თამაში იმიტომ გადაიდოო. რომის პაპაო... აი, თქვენი ბაბო კი გავათხოვე!

სააკაშვილი, ვარძელაშვილი და სიჭინავა ფეხბურთის ამბავში დაძმობილდნენ და ამ დაძმობილების ამბავში ერთი ზღაპრის („ციება, ცხელება და სიკვდილი“) ერთ ნაწყვეტს შემოგთავაზებთ:

„ციება, ცხელება და სიკვდილი დაძმობილდნენ. ერთ ტრიალ მინდორზე პური მოშივდათ. მაღლობზე მეცხვარე დაინახეს და ციებას უთხრეს:

– წადი და ერთი ცხვარი გამოართვი, თორემ მშივრები დავიხოცებითო.

ციება წავიდა და მეცხვარეს უთხრა:

– ერთი ცხვარი უნდა მომცე, მგზავრები ვართ, გვშიაო.

– განა ვინ ხარ, ცხვარს რომ მთხოვო?

– მე ციება ვარო.

– ციება თუ შენ ხარ, აბა ნახეო – დაუძახა მეცხვარემ – წამოავლო ჩომბახს ხელი და უდო და უდო“.

დარწმუნებული ვარ, ზღაპარი მოგეწონათ და მინდა გითხრათ, რომ ეს სწორედ ის ზღაპარია, ქართველებმა სინამდვილედ რომ უნდა ვაქციოთ. ნამდვილ ამბავზე დაიწერება რომანი, რომლის ეპილოგშიც ქართველი ხალხი ჩომბახს წამოავლებს ხელს და უდებს და უდებს. ვის? ვის და – დედაბრის შვილს, ტახირას ბიჭს, კოტეს ვაჟს, ასევე – ბრტყელტუჩას, კუსაჩკას და ქლიბს.

გასადებ–გამოსადები ჯერ კიდევ ბევრია.

არა, ის როგორ იყო – ევროპის ჩემპიონატს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ლაზიკაში ჩავატარებთო?! მაშ, სოხუმი?

ჯერ, არჩევნები ჩავატაროთ, ის არჩევნები, რომელსაც გასულ კვირაში ჯერ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება მიაბეს და შემდეგ – იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნება.

ჩოყლაყი რისი ჩოყლაყია? წამოაყრანტალებს რამეს და წავიდააა – აფრინდა ყვავი, აფრინდა!

„იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის დაბრუნებაზე, გამოსყიდვაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს... ისრაელში ჩემი პირველი ვიზიტის დროიდან დავაყენე ეს საკითხი. ახლა უნდა დადგეს საკითხი, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას“ – წამოაყრანტალა სააკაშვილმა და ატყდა ერთი ამბავი – ნინო კალანდაძემ სასწრაფოდ გამოიგონა, რომ  „გრიგოლ ვაშაძემ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხი ისრაელში ვიზიტისას ოფიციალურად დასვა“; მიხეილ მაჭავარიანმა „საქმის წარმატებით დასრულების მოტივით“ სასწრაფოდ ენა გადაყლაპა; „ამ მუშაობის შედეგებს საზოგადოება მაშინ გაიგებს, როცა იქნება პირველი ხელშესახები შედეგები“ – თვალები გადმოკარკლა გოკა გაბაშვილმა.

იერუსალიმის პატრიარქმა ხელების გაასავსავა – პირველად მესმისო.

ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?

მაგრამ, ისიც ხომ არის ნათქვამი – ზოგი ჭირი მარგებელიაო?! ჰოდა, ამ ჭირში მარგებელი ის არის, რომ უამრავ საკითხში დაპირისპირებულმა ქრისტიანებმა და მაჰმადიანებმა ამჯერად საერთო ენა გამონახეს, საერთო აზრამდე მივიდნენ, ერთნაირი დასკვნები გამოიტანეს და სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ერთად ურჩიეს – ხელი მოისვითო.

ორი კაცი რომ გეუბნება, ფეჩი ხარო, ბოლი უნდა გამოუშვა. ბოლო–ბოლო, როცა იქნება, მოისვამენ ხელს და რა შერჩებათ იმ ხელში? ბრტყელტუჩა, კუსაჩკა და ქლიბი. 

ქლიბი ჩხოროწყუში იყო, კუსაჩკას სახელი ჟენევაში ქუხდა. გასულ კვირაში „მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა.

აბა, რა უნდა გითხრათ? პაულო კოელიომ თქვა, ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტაო... სიკვდილი ადრეა (ასი წლის შემდეგ, ცუნცულ), ჯერ – ეკონომიკურად განვითრებული მეცხვარე და მისი მდგრადი ჩომბახი.

რაც შეეხება ქლიბს... დავით ბაქრაძე ჩხოროწყუს მოსახლეობას შეხვდა და როგორ ფიქრობთ, რაზე ელაპარაკა? რა თქმა უნდა ტურიზმზე. ერთ ანეკდოტშია, ტიპი სამედიცინოზე აბარებს და ბიოლოგიაში მარტო ტილი იცის. რაზეც არ კითხეს – ძაღლი, ღორი, თევზი – ყველაფერში ტილი გამოურია და ქლიბი რისი ქლიბია, თუ ტურიზმზე არ ისაუბრა? ჩხოროწყუელებმა – ძროხა და სიმინდიო, ბაქრაძემ – პიცა და კოკტეილიო.

დუმს ბაქრაძის პრესსამსახური, თორემ გული მიგრძნობს, რომ ეგ საქმე ჩომბახის გარეშე არ ჩაივლიდა. ჰოდა, როცა ჩომბახს განიცდი, დიდ პოლიტიკაზე არ უნდა ისაუბრო.

ნაწყვეტ–ნაწყვეტი ნიუსი: “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვლადიმერ პუტინისგან სასიამოვნო მოულოდნელობებს არ ელოდება. როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას განუცხადა... პუტინის ოფიციალური დაბრუნება რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ნიშნავს იმას, რომ საქართველომ თავისი საქმის კეთება უნდა გააგრძელოს... მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა იმ მიმართულებით, რომ რუსეთზე წინ იყოს თავისი დემოკრატიით, რეფორმებითა და განვითარებით“.

წინ უნდა ვიყოთ, მაშ – იქ თუ 100 კაცს დაიჭერენ, აქ 300–ზე ნაკლების დაჭერა დამარცხების ტოლფასი იქნება; იქ თუ 10 კაცს ცემენ, აქ 20 მიცვალებული მაინც უნდა იპოვნონ მაღაზიის სახურავზე და კვირაში ერთი მოქალაქე მაინც უნდა გადმოხტეს გამჭვირვალე პოლიციის რომელიმე მაღალი სართულიდან.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავის არსებობის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება“ – თქვა გასულ კვირაში თევზისთვალება თორდიამ და მას შეფასებებში ქლიბისმაგვარიც დაეთანხმა. არ დაეთანხმება და, ვანო ის კაცია, ჩომბახებს რომ თლის და ჭერში რომ აწყობს. ხომ გახსოვთ, როგორ არის იმ ზღაპარში – უდო და უდოო. უდე ვანიჩკას სოფელია და მის ქონებრივ დეკლარაციაში რომ ჩაიხედო, ალბათ ერთადერთ სიტყვას აღმოაჩენ – „უდე“.

„ჩემი ქონებრივი დეკლარაცია არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც იყო ხუთი წლის წინ. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო. პარლამენტში განხილვისას მომედავნენ, რომ ფულს ვაკეთებ. მე მომემატა მხოლოდ ხელფასი, მაგრამ უფრო გავმდიდრდი იმის ხარჯზე, რომ საქართველო გამდიდრდა. ამით წარვდგებით ჩვენ ჩვენი ხალხის, მსოფლიოს და ისტორიის წინაშე, ამას დავიდეკლარირებთ ყველანი ერთად“, – უთხრა სააკაშვილმა ახმეტაში შეკრებილ ადამიანებს – ადგილობრივ ჩინოვნიკებს და ადგილობრივ პარტმუშაკებს. 

ნეტავ, როგორ დასრულდა ის შეხვედრა? იცხოვრებს ჩვენი თაობა კომუნიზმში? როგორ იქნება – ყველაფერი შრომის თუ ყველაფერი მოთხოვნილების მიხედვით? თუ მოთხოვნილების მიხედვით იქნება, ლეიბორისტები უკვე მოითხოვენ – მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ახლადაშენებული კორპუსების მეოთხე სართულზე ბინების უსასყიდლოდ გადაცემის ინიციატივით გამოდიან.

ძაან მაგარია, ძაან...მაგრამ რატომ მეოთხე? რატომ მაინცდამაინც მეოთხე სართული? ნუთუ, საარჩევნო ბიულეტენებში ლეიბორისტებს მეოთხე ნომერი აქვთ მინიჭებული? მაშინ, ყველაფერი გასაგებია და ისიც გასაგებია, რომ მრავალშვილიანებს ნაციონალები მეხუთე სართულებს შეპირდებიან.

დაუნ ზი დიქტეიტე და მათი შისწიორკები!!!

”პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებით, დღეიდან დიდი ჯარიმები წესდება ქალების გაბრაზებისათვის და ასევე შემოდის მატერიალური და მორალური წახალისება მათი სათანადო დაფასებისა და მაქსიმალური ხელშეწყობისათვის” – ასეთი ჩანაწერი გაჩნდა ზი დიქტეიტეს (ჯერ კიდევ რომ არ დაუნ) ფეისბუქის გვერდზე.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო, მაგრამ პირველად იყო ხუმრობა, ბიუჯეტს კი უჭირს.

ის, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო, სერიოზულად კი ის თქვა, რომ ძლიერ რუსეთზე ოცნებობს.

ხომ გეუბნებოდით, მაგის დედარუსეთი–მეთქი! ჯერ სად ხართ?! არაჩვეულებრივი გამოფენები აწი ნახეთ!

ჩომბახიანები გაგვატარეთ – მომავალი 18 თვის განმავლობაში მზე განსაკუთრებული აქტიურობით იქნება გამორჩეული. ამ დროის განმავლობაში, დედამიწაზე ექვსი უძლიერესი ელექტრომაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ასეთ პროგნოზს ბრიტანელი ასტროფიზიკოსი მეგი ადერინ პიქოქი აკეთებს.

ექვსი უძლიერესი ქარიშხალიო... ერთიც საკმარისია და წიწილებს შემოდგომაზე დავითვლით.

მ.მ.ჩ.ა. (მიშას მზე ჩრდილოეთში ამოდის) ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა გზაჯვარედინს. აქ ლოდზე ეწერა: „ვინც დასავლეთით წავიდეს, მთელი ცხოვრება იაროს და მშვიდობით დაბრუნდეს; ვინც სამხრეთით წავიდეს, გაჭირვებით დაბრუნდეს; ვინც აღმოსავლეთით წავიდეს, ვეღარ დაბრუნდეს“.

(„გურჯისტანის ხატი“ – ქართული ხალხური ზღაპარი