ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია

ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია "რეალ ტვ"-ს არ დაამსგავსოს

ძალიან ვწუხვარ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ირაკლი ალასანიას, როგორც პარტიის წევრი სისულელეში გვერდით არ დავუდექი, მიმაკუთვნა ქართველების იმ ჯგუფს, რომლებსაც ის უხარისხო ქართველებს ეძახის, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ძალიან ბევრს ანერვიულებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ჰყავს 6 წლით არჩეული პარლამენტის მიერ ნდობაგამოცხადებული მთავარი პროკურორი.

თეა წულუკიანის განცხადებით, ვისაც ეს ანერვიულებს, ეს მისი პრობლემაა. მაგრამ ვინც ნერვიულობს, კარგია თუ სასამართლო დარბაზში დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს.

"რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას, ძალიან ვწუხვარ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე მას როგორც პარტიის წევრი სისულელეში გვერდით არ დავუდექი, მან მიმაკუთვნა ქართველების იმ ჯგუფს, რომლებსაც ის უხარისხო ქართველებს ეძახის. ეს მისთვისაც ალბათ სამწუხარო უნდა იყოს, თუ კარგად დაფიქრდება. ჩვენ კი ქართული საზოგადოება არ ვიყოფით ხარისხიანებად და უხარისხოებად. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის, ვატარებთ ძალიან რთულ და მტკივნეულ რეფორმებს საზოგადოებასთან ერთად. მე ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია "რეალ ტვ"-ს არ დაამსგავსოს, გააძლიეროს და ღირებულებებზე ესაუბროს საზოგადოებას, ამომრჩეველს და არა რომელიმე ერთ მინისტრს, რადგან პარტიის რეიტინგი დამტკიცდება არჩევნების დღეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა. ალასანია მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების საკითხზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს.