შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, "Пик"-ის მსგავსი რუსულენოვანი არხის არსებობას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
"კავკასიური სახლის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე "კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები" პაატა ზაქარეიშვილს დაუსვეს კითხვა, თუ როგორ აპირებს მთავრობა რუსულ პროპაგანდასთან გამკლავებას. ამ კონტექსტში სახელმწიფო მინისტრმა ტელეკომპანია "Пик"-ი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მართალია, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ის პროპაგანდისტული კონტექსტი, რომელიც აღნიშნულ ტელეკომპანიას გააჩნდა, თუმცა რუსულენოვანი არხის არსებობა მიზანშეწონილი იქნებოდა.
"Пик"-ი ჩვენ არ დაგვიხურავს, თვითონ სააკაშვილმა დახურა, გაიყიდ-გამოიყიდა ქონება და რაღაცეები იყო. კონფერენციაზე დამისვეს კითხვა, როგორ აპირებთ რუსულ პროპაგანდასთან გამკლავებასო და მე ვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ არ იქნებოდა ურიგო, თუ ამ ტიპის რაღაც იქნება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა მთავრობის შიგნით, სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ მის დონეზე არა. "მთავრობის სხდომებზე არ განხილულა. შეიძლება სადღაც, რაღაც ჯგუფებში ამაზე მსჯელობა არის, სხვა უწყებების დონეზე, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, რუსულენოვანი ტელევიზიის შექმნას თანხა და სპეციალისტები სჭირდება და ამ ეტაპზე, რაიმე კომისიის მუშაობა რუსულ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად ტელევიზიის შესაქმნელად, არ მიმდინარეობს.