ფერიცვალების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა, რომლის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილთ ტრადიციული ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მამა გაბრიელის შესახებ იქადაგა. უწმინდესის თქმით, უფლის წყალობა ქვეყანას სხვადასხვა სახით ევლინება. მისივე თქმით, მამა გაბრიელი განსაკუთრებული პიროვნება იყო. იგი ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჯაჯანიძემ აკურთხა და გაბრიელი დაარქვა.
"მამა გაბრიელმა გამოიჩინა საოცარი თვისებები. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი. ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, მამა გაბრიელი მართლა ავადმყოფი კი არ იყო, მან ასეთი ტვირთი, ჯვარი მიიღო თავის თავზე. "ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან. და აი ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, მამა გაბრიელი თვით სასუფევლიდან ეხმარება მორწმუნეებს და ყველას. უწმინდესმა შესთხოვა უფალს, უფალმა მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.
ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომლის შემდეგაც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ფერიცვალების სახელობის ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს. სარკოფაგი მოწყობილია ტაძრის მარცხენა მხარეს. იგი აქ იქნება დასვენებული მორწმუნეებისათვის მოსალოცად.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა.
2013 წლის 20 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი საფლავიდან. წმინდა ნეშტი დროებით ლუსკუმაში მოათავსეს. ერთი დღე წმინდა ნაწილები დაბრძანებული იყო სვეტიცხოველში, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უამრავმა ადამიანმა მოილოცა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსულებმაც.
მამა გაბრიელის ხსენება წელიწადში ორჯერ ხდება. 2 ნოემბერს მისი აღსრულების დღეა და 20 თებერვალს წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების საფლავიდან ამოყვანების დღეს.