საქართველო არ ითხოვს MAP-ს, ითხოვს ნატო-ში გაერთიანებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ქრონიკასთან" საუბარში განუცხადა.
თინა ხიდაშელის თქმით, MAP არ არის არც მიზანი და არც მთავარი ამოცანა.
"მთავარია, რომ საქართველო დადგეს ნატო-ს წევრობის გზაზე. ამის რეალური შანსი და შესაძლებლობა არსებობს", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, "1-ელ დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან გამოსული დოკუმენტი იქნება ძალიან ოპტიმისტური, რაც საქართველოს გზას გაუხსნის ვარშავისკენ".
მინისტრის თქმით, MAP-ის გარეშეც საქართველოს აქვს ძალიან დიდი შანსი ნატო-ს წევრობის გზაზე დადგეს.
"ხვალ რომ გადაწყვიტოს შვედეთმა, რომ უნდა, როგორც ფიქრობთ, შვედეთს ეტყვიან, რომ იცით რა, თქვენ ჯერ MAP-ი უნდა გაიაროთ და მერე გახდებით წევრიო? ამაზე ყველას ერთი პასუხი გვაქვს, რომ ეს ასე არ იქნება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ბერლინიდან ჩართვისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გერმანიაში ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც გერმანელ კოლეგას შეხვდა.