მუნიციპალური გავითარების ფონდში რუსთავის-თბილისისი ჩქაროსნული გზის მშენებლობის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრას ორი დაინტერესებული მოქალაქე, ფონდის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა“ და “ორჰუსის ცენტრი“ ესწრებოდა.
“ჩემს სამეზობლოში არავინ იცოდა ამ შეხვედრის შესახებ. განხილვის თაობაზე ინფორმაცია ინტერნეტში შემთხვევით ვნახეთ“ - გვითხრა თამარ ბახურაული,რომელიც მუნიციპალური გავითარების ფონდში იმის გასარკვევად მივიდა, ღირდა თუ არა მისი მშენებარე სახლში მშენებლობის გაგრძელება. ბახურაულს აინტერესებდა, გზის გაფართოების გეგმაში მისი სახლი თუ მოხვდა.
შეხვედრაზე დაინტერესებული მოქალაქეების სიმცირემ ეჭვის საფუძველი გაუჩინა არასამთავრობო სექტორს. “მე ძალიან მეეჭვება, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნული განხილივის შესახებ და არ მოვიდნენ“ - საკუთარ ეჭვებს გამოთქვამდა “მწვანე ალტერნატივა“-ს წარმომადგენელი, ირინა სვანიძე.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო განხილვისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. განხილვის მსვლელობისას გაირკვა, რომ ჯერ კიდევ მომზადების ეტაპზეა მოსახლეობის განსახლების გეგმა და განხილვაზე აღნიშნული დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი.
“მოსახლეობა, ალბათ, ამიტომაც არ ესწრება ჩვენ შეხვედრას. მათ ძირითადად განსახლების საკითხი აინტერესებთ. ეს დოკუმენტი 10 დღეში გახდება საჯარო და დაინიშნება მისი საჯარო განხილვის დღე“ - საუბრობდა მუნიციპალური გავითარების ფონდის მომხსენებელი, ირაკლი კავილაძე.
“ორჰუს ცენტრის“ კითხვაზე, რატომ არ მომზადდა განსახლების გეგმა გზშ-სთან ერთად კავილაძე პასუხობდა: “სად წერია, რომელ კანონში, რომ გზშ-ს განხივა არ შეიძლება განსახლების გეგმის გარეშე?“ - კითხვით იგერიებდა “ორჰუსს“ კავილაძე.
მას არ უნდოდა იმის მოსმენა, რომ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი ბუნებრივად მოიცავდა თავის თავში განსახლების საკითხსაც. წესით, გზშ-ს მეშვეობით უნდა გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, გასახლების საკითხები – ვადები, კომპენსაციის ოდენობა და კონკრეტული სია, თუ ვის მოუწევს საცხოვრებლის ან ბიზნესის შეცვლა. ერთადერთი, რაზეც მუნიციპალური განვითრების ფონდმა საკუთარი შეცდომა აღიარა, კომპენსაციის საკითხს ეხებოდა.
“გზშ-ს 5:3 თავში წერია, რომ კომპენსაცია არ გაიცემა იმ მოქალაქეებზე ვისაც საკუთრებაში არ აქვთ აღნიშნული ქონება. ეს თქვენ გიწერიათ იმ პროექტის გზშ-ში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. თქვენ ხომ იცით, რომ ასეთი დაფინანსებისას პროექტზე ქვეყნის კანონმდებლობის გარდა აზიის განვითარების ბანკის კანონებიც მოქმედებს? სწორედ მათი კანონების თანახმად გზშ-ში ამ პუნქტის არსებობა შეცდომაა, რადგან აზიის განვითარების ბანკის კანონების მიხედვით კომპენსაცია გაიცემა იმ ქონებაზეც, რომელიც მოსარგებლე პირს საკუთრებაში იურიდიულად არ აქვს“ - აღნიშნა“მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა, ირინა სვანიძემ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები მას დაეთანხმნენ და დაპირდნენ, რომ აღნიშნული პუნქტს გზშ-დან ამოიღებენ. განხილვაზე ბევრი კითხვა პასუხგაუცემელ დარჩა. მგფ-ს მომხსენებელი ვერ აკონკრეტებდა გზის გაფართოებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ კითხვებს. “სამწუხაროდ, მე არ ვიცი გზა მარჯვნივ გაფართოვდება, თუ მარცხნივ. ის ადამიანი ვისაც უნდა წარემართა აღნიშნული განხილვა ავად გახდა. მე კი ასეთი დეტალური ინფორმაცია არ მაქვს“ - აცხადებდა მგფ-ს მომხსენებელი.
განხილვის დასრულების შემდეგ საკონფერენციო დარბაზში ფონიჭალის მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მოვიდნენ. მათ განსახლების გეგმა და კომპენსაციები აინტერესებდათ. მათი კითხვებიც უპასუხოდ დარჩა.
საზოგადოების ნაწილი და არასამთავრობო სექტორი განსახლეობის გეგმის გამოქვეყნების მოლოდინშია. დღეისთვის მომზადებულია რუსთვის-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტი, რომელიც სამ პირობით სექციადაა დაიყოფილი და, შესაბამისად, პროექტი სამი ქვეპროექტისგან შედგება. პირველი ქვეპროექტი გულისხმობს თბილისსა (გულუას ხიდი) და ქვემო ფონიჭალას შორის გზის მონაკვეთს. მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება – ეს ქვეპროექტი ამჟამად დამუშავების სტადიაშია. მისი გზშ-ს ჯერ-ჯერობით საზოგადოება არ იცნობს.
მესამე ქვეპროექტი ითვალისწინებს ფონიჭალა-რუსთავის არსებული მონაკვეთის გაგანიერებას 2-ზოლიანიდან 4-ზოლიანამდე. ამ მონაკვეთების "გზშ" ამ დრომდე განსახლების გეგმის გარეშეა.