"ნატო-ს წევრები ვერ თანხმდებიან, თუ რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს, გაწევრიანების იმედზე საპასუხოდ" - სტატიას ამ სათაურით სააგენტო "როიტერი" აქვეყნებს.
"დიპლომატები აცხადებენ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გაიყვნენ საკითხზე, თუ რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს წევრობის შეყოვნებულ განაცხადზე. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას არგუმენტად მოჰყავს, რომ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ალიანსი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის დაცვას ვერ შეძლებს.
2008 წლის აპრილის სამიტზე, ნატო საქართველოს წევრობას შეჰპირდა, თუმცა კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია. ეს გადაიზარდა მოსკოვთან დაძაბულობაში, რომლის კულმინაციაც ოთხი თვის შემდეგ, ომი და რუსული ჯარების მხრიდან ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია გახდა.
მას შემდეგ, საქართველოს გაწევრიანების საკითხის განხილვამ მეორე პლანზე გადაიწია. თუმცა, ეს საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში სამშაბათს, როცა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე. როგორც მოსალოდნელია, ამ შეხვედრაზე თბილისის მისწრაფებებზე ახალი განცხადება გაკეთდება.
ნატო-ს გაფართოებას აშშ რუსეთთან მიმართებაში საკუთარი სტრატეგიის საკვანძო საკითხად მიიჩნევს. თუმცა ახლა, როცა ნატო-ს წევრებს რუსეთის დახმარება სირიაში "ისლამური სახელმწიფოსთან" დასამარცხებლად და უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად სჭირდებათ, ზოგიერთი მათგანი ემხრობა ფრთხილ მიდგომას გაფართოების საკითხში, რომელსაც რუსეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.
"ზოგიერთი წევრი ღელავს, რომ მონტენეგროს მიწვევა შესაძლოა, საქართველოსთვის არასწორი სიგნალი გახდეს", - ამბობს ნატო-ს ანონიმური დიპლომატი.
საფრანგეთი შიშობს, რომ მონტენეგროსთვის მიწვევის გაგზავნა გამოიწვევს მოლოდინის ზრდას საქართველოშიც. გერმანია, რომელიც მონტენეგროს გაწევრიანებას მხარს უჭერს, საქართველოს წევრობის კვლავ წინააღმდეგია, როგორც ეს 2008 წელს იყო. სხვა ქვეყნები, მაგალითად დანია და ბელგია, ამ საკითხზე კონსენსუსს ელოდებიან.
ნატო-ს შექმნის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა მთელ ალიანსზე, რაც, ნატო-ს ნებისმიერ წევრ სახეელმწიფოს დაცვის გარანტიას აძლევს.
თუმცა, რუსეთის მიერ ყირიმსა და შავ ზღვაში ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება უფრო რთულს ხდის საქართველოს დაცვას ხმელთაშუა ზღვიდან ან ნატო-ს წევრი სახელმწიფო თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქმედებების შემთხვევაში, საჭირო გახდება დასავლეთ ევროპიდან სახმელეთო ჯარების გადასროლა.
გარდა ამისა, ნატო-ში გაწევრიანების შეთავაზება დამოკიდებულია, მოგვარებული აქვს თუ არა ქვეყანას ტერიტორიული დავები, რაც აშკარა დაბრკოლებაა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა.
სხვა ქვეყნები, კერძოდ, აშშ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი და ავღანეთში მთავარი კონტრიბუტორია და სურს, რომ ეს გათვალისწინებული იყოს საქართველოს წევრობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
"მათ არ სურთ, რომ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითოს საქართველოს გაწევრიანების საკითხი ჰაერშია ჩამოკიდებული", - ამბობს ნატო-ს დიპლომატი.
საქართველოს, რომელსაც უკვე აქვს ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სურს, რომ ნატო-მ მას MAP-ი მიანიჭოს, რათა ოფიციალური სახე მისცეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზას.
როგორც ალიანსის წარმომადგენელი ამბობს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მონტენეგროს საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას მომავალ კვირას ელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველომ, რეფორმების გატარების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
"საგარეო საქმეთა მინისტრები წარადგენენ გარკვეულ ინსტრუქციებს სამომავლო მუშაობაზე ჩვენს სხვა ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან", - ამბობს ნატო-ს წარმომადგენელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც "როიტერის" თბილისის ბიურო დაუკავშირდა, განაცხადა, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი არა აქვს", - წერს "როიტერი".
სააგენტო აღნიშნავს, რომ თუ მომავალ კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები წევრობის საკითხზე მონტენეგროსთან მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქს აუნთებენ, ეს იქნება ნატო-ს გაფართოების პირველი შემთხვევა 2009 წლის შემდეგ.