შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას შეახსენებს, რომ პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მიმართა და განმარტა, რომ ყოველი უკანონო იარაღი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხეა.
მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრძოლას იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
"ჩვენს მიერ დაწყებული კომპლექსური ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის გამოვლენას, სხვა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვიდან ამოღებას. ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცავების მიერ პრევენციულად აღკვეთილი იქნა მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა ყაჩაღობა, მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვა. ამასთან, გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ კანონის თანახმად, პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ყოველი უკანონო იარაღი პოტენციური საფრთხეა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ", - აღნიშნა მიხეილ ძაგნიძემ.