ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული თურქი ჟურნალისტების მხარდასაჭერად, სტამბოლსა და ანკარაში აქციები გაიმართა. როგორც "როიტერი" იტყობინება, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა.
სტამბოლში 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ერდოღანს "მკვლელი" უწოდეს და მმართველი პარტია დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. თურქი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება. ჟურნალისტების დაპატიმრების გამო შეშფოთება აშშ-მაც გამოთქვა.
ოპოზიციური გაზეთის, Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი ჩან დუნდარი და გამოცემის ანკარის ბიუროს უფროსი ერდემ გიული ჯაშუშობის ბრალდებით გუშინ დააპატიმრეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
ჟურნალისტების დაკავება Cumhuriyet-ში, მაისში გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალას ეხება, რომლის თანახმად, თურქული სპეცსამსახურები სირიაში მოქმედ შეიარაღებულ მებრძოლებს იარაღს აწვდიდნენ.
მასალის თანახმად, 2014 წლის იანვარში პროვინცია ადანაში სამხედროებმა თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის - MIT-ის კუთვნილი სატვირტო მანქანები შეამოწმეს, რა დროსაც იარაღის პარტია აღმოაჩინეს.
თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, სატვირთო მანქანებს სირიაში მცხოვრებ თურქმენებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდათ, თუმცა თურქული მედია ამტკიცებდა, რომ ტვირთი რადიკალი ისლამისტებისთვის იყო განკუთვნილი.
აღნიშნულ მასალას მთავრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტები სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა და გაზეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.