სირიაში საქართველოს დაახლოებით 50-მდე მოქალაქე იმყოფება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორია გადაცემა "პოლიტიკაში" განაცხადა. მისივე განმარტებით, სუს-ს ყველა მათგანის შესახებ ინფორმაცია აქვს.
"ქვეყნიდან გადინების დინამიკა ისეთი მაღალი აღარ არის, საგრძნობლად შემცირდა. დღეის მდგომარეობით, სირიაში საქართველოს დაახლოებით 50-მდე მოქალაქე იმყოფება. ყველაზე გვაქვს ინფორმაცია და მეტიც, ყველა მათგანზე, რომელზეც კონკრეტული მტკიცებულებები გაგვაჩნია, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, როგორც კი ისინი ჩამოვლენ, კანონის წინაშე პასუხს აგებენ", - განაცხადა იზორიამ.
გარდა ამისა, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, არსებობს პარტნიორი ქვეყნების მიერ მოწოდებული სხვა "ათასობით ადამიანის" შესახებ სია, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა იყვნენ საფრთხის მატარებელნი.
"რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, თუ პოტენციურად საფრთხის მატარებელი პირი გადაწყვეტს წავიდეს საბრძოლველად, შესაძლებელია საზღვარზე მოხდეს მისი დაკავება, ან არსებობს მეორე პრაქტიკა - როცა პირის მიმართ ტერორისტული საფრთხის ალბათობის ხარისხი დაბალია, მაგრამ მაინც გვაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა ის ტერორისტული მიზნებისთვის მიემგზავრებოდეს უცხოეთში, ხდება იმ კონკრეტული ქვეყნის, ამ შემთხვევაში თურქეთის ინფორმირება და "არდაშვების რეჟიმის" ამოქმედება", - აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.
ლევან იზორიას თქმით, საფრთხეები საქართველოსთვის არსებობს, მაგრამ არა მაღალი კატეგორიის. "ბუნებრივია, გარკვეული საფრთხეები და რისკები არსებობს, მაგრამ ეს არ არის მაღალი კატეგორიის. მაღალი კატეგორიის რისკები ტერორიზმთან დაკავშირებით უფრო აქვთ ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან საბრძოლო მოქმედებებში", - განმარტა იზორიამ.
მისივე განცხადებით, დაგეგმილია კონტროლის გამკაცრება საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც. "სტრატეგიაცაა შემუშავებული. ლაპარაკია, რომ ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე გამკაცრდეს კონტროლი. შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაწყებულია და ტექნიკურად მოხდება ამის უზრუნველყოფა, რათა მოხერხდეს გარკვეული პიროვნების იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ეს ტერიტორიები საფრთხის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ ყველანაირ ღონეს მივმართავთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები არა მხოლოდ "ოფიციალური საზღვრის" პერიმეტრში იქნას მაქსიმალურად გამოყენებული, არამედ ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც მოხდეს კონტროლის გაძლიერება", - განაცხადა იზორიამ.