შემოვლითი რკინიგზის ახალი პროექტი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში განხორციელდება

შემოვლითი რკინიგზის ახალი პროექტი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში განხორციელდება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორმა გურამ გურამიშვილმა დედაქალაქის მერიაში შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს რკინიგზამ დედაქალაქის მერიას შემოვლითი გზის პროექტის განხორციელების სამი შესაძლო ვარიანტი შესთავაზა, გამომდინარე იქიდან, რომ პირველადი პროექტი გარკვეულ ხარვეზებს შეიცავდა და მშენებლობა ამ მიზეზით შეჩერებული იყო.

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, არსებობს სამი შესაძლო ვარიანტი შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებისა, კერძოდ, განიხილება არსებული შემოვლითი რკინიგზის მცირეოდენი რეკონსტრუქციისა და ქალაქში გამავალი ხაზის ნაწილობრივ შენარჩუნების ვარიანტი, ასევე, შემუშავებულია აშენებული შემოვლითი რკინიგზის ძირეული რეკონსტრუქციის ორი სხვადასხვა ვარიანტი.

მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სამივე შემთხვევაში რკინიგზის პარამეტრები უმჯობესდება, თუმცა აუცილებელია, რომ ის შესაბამისობაში იყოს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან, რომელზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გენერალური გეგმის ანგარიშებს შერჩეული კონსორციუმი თბილისის მერიას პერიოდულად აბარებს და შესაბამის საკითხებზე ერთობლივი მსჯელობა მიმდინარეობს, ნომერ პირველ პრიორიტეტად გენერალური გეგმის ფარგლებში, სწორედ, შემოვლითი რკინიგზის პროექტი განიხილება და საქართველოს რკინიგზის მიერ შემოთავაზებული სამი ვარიანტიდან საუკეთესო შეირჩევა.

შემოვლითი რკინიგზის ახალი პროექტი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში განხორციელდება.