ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, იაშვილის სახელობის კლინიკაში ექიმების გაფიცვასთან სამინისტრო არაფერ შუაში არ ყოფილა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელფასის დაგვიანების გამო კლინიკის ექიმების გაფიცვას, ჯანდაცვის სისტემის პრობლემატურობასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეს უბრალოდ კლინიკის მენეჯმენტის შეცდომა იყო.
"შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ და პასუხს ვაგებ ჩემ სიტყვებზე, სახელმწიფოს მხრიდან არცერთი დღით არ ყოფილა თანხების გადარიცხვის დაგვიანება იაშვილის სახელობის კლინიკაში. ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ შემთხვევებში რა თქმა უნდა ჩაერევა, თუ საფრთხე შეექმნება ჯანდაცვის მომსახურების უწყვეტობას და ამ მომსახურების ხარისხს. ჩვენ ვალდებულებებიც გვაქვს ჩავერთოთ. ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს სისტემური ხასიათის პრობლემაა. ეს ალბათ უფრო მენეჯმენტმა უნდა გაარკვიოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე დაწესებულების ფუნქციონირებას. ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერევა იმ შემთხვევაშიც, თუ შეიქმნა კოლექტიური შრომითი დავა. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება, რომ ასეთ შემთხვევაშიც შრომითი დავების მედიატორი მივავლინოთ ამ დაწესებულებაში. ამ შემთხვევას არ ჰქონდა ცალსახად კოლექტიური დავის ნიშნები. ეს იყო ადვილად მოსაგვარებელი მარტივი საკითხი", - აღნიშნა სერგეენკომ.