სააკაშვილი ბენდერია

სააკაშვილი ბენდერია

წინა კვირის ქართულ სპორტში მიმდინარე მოვლენების ანალიზი რამდენიმე დღის წინ დასრულებული საქართველოს საფეხბურთო პირველობის პირველი ეტაპის მიმოხილვით მინდოდა დამეწყო. სამწუხაროდ ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გეგმები ამირია და დღევანდელ წერილში სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირი არაერთი ინიციატივით გამოდის. იშვიათია დღე, როდესაც სამთავრობო ტელეარხების მომცინარი და სახებედნიერი ჟურნალისტები, სააკაშვილის რაიმე ახალ წამოწყებაზე არ გვესაუბრებოდნენ. მიშას გამოსვლებს ადრე ერთგვარი ირონიით ვხვდებოდი, ამჟამად უკვე მივეჩვიე და არანაირი რეაქცია აღარ მაქვს. ამის მიუხედავად ევროპის 2020 წლის საფეხბურთო პირველობის ჩვენს ქვეყანაში მასპინძლობის იდეა იმდენად გაუგებრად და აბსურდულად მომეჩვენა, რომ ამ თემის შესახებ დაწვრილებითი საუბრის სურვილი დამებადა.

სახელისუფლებო ტელევიზიებმა ამ საკითხს დიდი დრო დაუთმეს და დღის ნომერ პირველ ნიუსადაც აქციეს. ამ პროპაგანდისტულ მოძრაობაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც საკუთარი ღირსეული წვლილი შეიტანა და “ევრო-2020”-ის შეხვედრებს ქალაქი ლაზიკაც უმასპინძლებსო - გაგვახარა.

ქართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რომ მძიმე მდგომარეობაშია ეს ბატონმა ზვიადმა შესანიშნავად იცის. ეს ფაქტი იმ ჟურნალისტებისთვისაც საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომლებიც ტელეეკრანებიდან გვიმტკიცებდნენ, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენი ფეხბურთის განვითარებას ძალიან წაადგებაო. მაინტერესებს, ნამდვილად სჯერათ იმისი რასაც ლაპარაკობენ? ჟურნალისტებს პასუხი როგორ უნდა მოსთხოვო, როდესაც ფედერაციის პირველი პირი ჯერ ლაზიკას აშენებაშია დარწმუნებული და მერე იქ მატჩების ჩატარებაში.

არარსებულ ლაზიკაში სტადიონის აშენების წინააღმდეგი როგორ ვიქნები, მაგრამ ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში და სხვა ქალაქებში ხალხს სპორტული სარბიელების მოწესრიგებას რომ პირდები, თავდაპირველად ეს ამოცანა უნდა შეასრულო.

ბატონი ოსტაპ ბენდერი პროვინციული ქალაქი ვასიუკების მცხოვრებლებს აყვავებასა და განვითარებას პირდებოდა. ოსტაპი წვრილმანი თაღლითი ბრძანდებოდა და საკუთარი ჯიბის გასავსებად არაერთ ხრიკს იყენებდა. სულ სხვაა ქვეეყნის ხელმძღვანელი. როდესაც ამ რანგის ადამიანი ქვეყანას მორიგი უტოპიური დაპირებით აბოლებს, ეს ალბათ თაღლითობაზე გაცილებით უარესია.

დაპირება ვახსენე და რამდენიმე წლის წინ აგორებულ იმ პიარ-კომპანიას გაგახსენებთ, როდესაც ბაკურიანმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა. რასაკვირველია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართველების სურვილი პირველივე შესარჩევ სტადიაზე დაბლოკა. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, რომ ბაკურიანის სპორტული ინფრასტრუქტურა რამდენიმე წელიწადში განვითარდებოდა და მომავალი ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ კანდიდატურას კვლავ წამოვაყენებდით. იმ ამბიდან რამდენიმე წელია გასული და ბაკურიანში არაფერი გაკეთებულა.

2020 წლის ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე 24 გუნდმა უნდა იასპარეზოს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში 12 ქვეყნის ნაკრები დაბანაკდება. უეფა-ს მოთხოვნით შეხვედრებს ხუთმა ქალაქმა უნდა უმასპინძლოს. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და ჯერჯერობით არარსებულ ლაზიკას კიდევ ერთი ქალაქი დაემატება. მიმდინარე წელს საპარლამენტო არჩევნები გველოდება და ბატონი სააკაშვილი საფეხბურთო თემით საქართველოს მოსახლეობას კიდევ არაერთხელ დააბოლებს. თელავში ჩაბრძანდება და კახეთს ავაღორძინებ, ამ ქალაქში 50–ათასიანი ტევადობის სტადიონს ავაშენებ და ევროპის პირველობის მატჩებსაც უმასპინძლებთო - დაპირდება. მარნეულს ესტუმრება და იგივეს გაიმეორებს, თერჯოლაში ჩავა და იქაურებსაც ანალოგიური დაპირებით გამოკვებავს.

საქართველოში არსებული დღევანდელი პირობებით “ევრო-2020”-ის მისაღებად რეალურად მხოლოდ ეროვნული სტადიონი გაგვაჩნია. გვჭირდება ერთი 50-ათასიანი, სამი 40-ათასიანი და ოთხიც 30-ათასიანი. ძალიან მაინტერესებს, სად აპირებენ მათ აშენებას. ერთი გამოსავალია, რომ გორის, ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდისა და სხვა ქალაქების სტადიონები სახელსახელოდ გადააკეთონ. ამ დროს ეროვნულ პირველობას რას უპირებენ და გუნდებს სათამაშოდ სად გაისტუმრებენ?

12 გუნდს 24 საწვრთნელი ბაზა ესაჭიროება. დღეისათვის ქვეყანაში მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ობიექტები გაგვაჩნია. რასაკვირველია დროის მცირე მანძილზე ეს პრობლემაც მოსაგვარებელი იქნება. ევროპის ჩემპიონატს დაახლოებით 3-5 მილიონი ტურისტი ესტუმრება. სად უნდა გაათენოს ამ ხალხმა ღამე? თბილისისა და ბათუმის გარდა საქართველოს რომელიმე ქალაქში ორი-სამი ნორმალური სასტუმრო თუ გეგულებათ? საინტერესოა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები, ჩემპიონატზე ჩამოსული რამდენიმე მილიონი გულშემატკივრის მიღებას თუ მოახერხებენ?

ევროპის პირველობის მასპინძლობის სურვილი კარგია, მაგრამ 2014 წლის დასასრულისთვის ზემოთდასახელებული უმთავრესი პრობლემების მოგვარება წარმოუდგენლად მეჩვენება. ლაზიკაც ასაშენებელია, სტადიონებიც, საწვრთნელი ბაზებიც, სასტუმროებიც, თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც დასასრულებელია, აეროპორტების გამტარიანობა გასაზრდელია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ფულის უძირო ქვევრს ნამდვილად არ წარმოადგენს. დამავიწყდა “ღიმილიანი საქართველო” და სხვა მისი მსგავსი არაერთი  პროექტი.

ერთიც მაინტერესებს – ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების იდეას საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენლები რატომ არ აპროტესტებენ. მათ ხომ მშვენივრად იციან რომ კიდევ ერთ ცრუ დაპირებასთან და პრეზიდენტის მორიგ “ოფოფებთან” გვაქვს საქმე. მართლაც “ჩინებულ” ქვეყანაში ვცხოვრობთ. პირველი პირის მორიგ უცნაურ მოწოდებას საზოგადოება ოლიმპიური სიმშვიდით ღებულობს. რამდენიმე დღის განმავლობაში ამ აბსურდული პროექტით თავს გამოგვირეცხავენ, შემდეგ ეს თემა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა და მას სააკაშვილის რაიმე ახალი “ნოვატორული” წამოწყება შეცვლის. პრეზიდენტი რომ გაუმართლებელ დაპირებებს იძლევა ეს უკვე დანაშაულია. საზოგადოებაც, რომელიც ყოველივე ამას წყნარად ღებულობს განკითხვის ღირსია.

სპორტზე გვაქვს საუბარი და სააკაშვილს რამდენიმე იდეა მინდა რომ მივაწოდო. “ფორმულა-1-ის ერთ-ერთი ეტაპის რუსთავის ავტოდრომზე ჩატარება”, “სამთო სათხილამურო სპორტში ევროპის ჩემპიონატის მესტიაში მასპინძლობა”, “აშშ-ის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოასპარეზე რომელიმე გუნდის დაპატიჟება და “არმია”-ს კლუბთან სიღნაღში ამხანაგური შეხვედრის ორგანიზება”. (სპეციალურად ამ მატჩისათვის ქალაქში 15 ათასიანი სპორტული დარბაზის აშენება). ეს ჩამონათვალო უსასრულოდ შემიძლია რომ გავაგრძელო.

ამ ისტორიაში  საინტერესო ერთი საკითხია – თანახმა არის თუ არა აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უმასპინძლოს. ეს ქვეყანა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მისაღებად იბრძვის. მარტო ამ შეჯიბრების მასპინძლობის განაცხადის რეკლამირება 50 მილიონი დოლარი უჯდებათ. აზერბაიჯანში დღესაც ახსოვთ, რომ 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მისაღებად 20 მილიონი დოლარი ფუჭად დახარჯეს და მეეჭვება რომ სააკიშვილის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, საქართველოსთან ერთად საფეხბურთო ტურნირის ორგანიზაცია მოისურვონ.

„ეს არის საქართველოს პრეზიდენტის სურვილი, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან ერთად უმასპინძლოს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს. ეს არ არის დადასტურებული. ჩვენი მხრიდან ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის 2020 წლის ოლიმპიადის მოსამზადებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა კონულ ნურულაევამ განაცხადა. ცოტა ხნის წინ ბაქოდან ამ სახის ინფორმაცია გავრცელდა.  რასაკვირველია სახელისუფლებო მას-მედიაში ამის შესახებ არაფერი თქმულა.

აზერბაიჯანელები არ ადასტურებენ, სააკაშვილმა ერთპიროვნულად გადაწყვიტა, საქართველოს მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ აბოლებენ. სამწუხაროდ ჩალით დაფარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გამკითხავი არავინ არის.

რასაკვირველია ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ჩინებული იდეა გახლავთ, მაგრამ თავდაპირველად უფსკრულისაკენ მიმავალი ქართული ფეხბურთი უნდა აღორძინდეს. ამისათვის უპირველეს რიგში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და გამართული საკლუბო სისტემის ჩამოყალიბება გვჭირდება. დღეს ფეხბურთი მთავრობის სათავეებში მყოფი ადამიანებისათვის პიარ-კომპანიის ძლიერ საშუალებას წარმოადგენს. დაპირებებს არაერთს იძლევიან, მაგრამ პრაქტიკაში როგორ უნდა განახორციელონ ამაზე არავინ ფიქრობს.

ქვეყანა რომლის ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს ძირითადად ფეხბურთელების ახლობელ-მეგობრები ესწრებიან, მნიშვნელოვანი შეჯიბრების მისაღებად აშკარად მოუმზადებელია. გულშემატკივრების სიმწირე კი იმით არის გამოწვეული რომ ყველამ იცის ესა თუ ის შეხვედრა რა შედეგით დასრულდება. ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის ნორმალური სისტემით ჩატარება ვერ უზრუნველყო და ქალაქ ლაზიკაში ევროპის პირველობის მატჩების გამართვა სურს. ამაზე მეტი აბსურდი წარმოუდგენელია. როდესაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ისეთ სტადიონებზე ატარებენ სადაც უცხოეთში ბავშვებსაც კი არ შეუშვებენ, ხალხს მორიგი ტყუილით კვებავენ და ევროპის პირველობის ჩასატარებლად სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ..

ბატონი ოსტაპ ბენდერი ქალაქი ვასიუკის მაცხოვრებლებმა კინაღამ ლინჩის წესით გაასამართლეს. საბედნიეროდ “დიდ კომბინატორს” გრძელი ფეხები აღმოაჩნდა და თავს გაქცევით უშველა. არ ვიცი, როგორ წარიმართება მიხეილ სააკაშვილის მომავალი, მაგრამ  ხალხის წინაშე გაკეთებული ამდენი გაუაზრებელი დაპირებებისათვის ერთხელაც პასუხი უნდა მოეთხოვოს. რასაკვირველია მისი ბედი იმ პიროვნებებმაც უნდა გაიზიარონ რომლებიც ქვეყნის პირველ პირთან ერთად მის უტოპიურ პროექტებს იზიარებენ. ქვეყანაში არაერთი გადაუჭრელი სოციალური პრობლემაა და მათი მოგვარება უმოკლეს დროშია აუცილებელი.

ამჟამინდელი ხელისუფლება ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებს „წარსულ დროში ჩარჩენილებს უწოდებს“. ალბათ დროა რომ გამოფხიზლდნენ და ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად რეალური ნაბიჯები გადადგან. წინააღმდეგ შემთხვევაში “ახალი ვასიუკების” ინიციატორის ბედი ელით და ვეჭვობ რომ ოსტაპ ბენდერივით საკუთარი თავების გადარჩენა მოახერხონ.