საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იოჰანეს ჰანის ვიზიტი საქართველოს ევროპული არჩევანისთვის დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
როგორც პრემიერმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა, საუბარი შეეხო თანამშრომლობის დღისწესრიგში არსბეულ პრიორიტეტულ საკითხებს და სამომავლო გეგმებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობისა და ჩვენი ქვეყნის სახელით იოჰანეს ჰანს, რომელიც წელს უკვე მეორედ ეწვია საქართველოს. ესაა ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული არჩევანისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის წვლილს საქართველოს ევოკავშირთან ხელშეკრულების ასოცირების და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესში მისი ჩართულობისთვის. ჩვენ ვართ მზად სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ ის შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირისგან გაღრმავებული ურთიერთობები გვაძლევს. ამ პროცესში კომისარი ჰანი აქტიურად გვეხმარება. შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის დღისწესრიგში არსბეული პრიორიტეტული საკითხები, ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ჩვენ ბატონ ჰანს განმეორებით დავუდასტურეთ, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" წარმოადგენს საქართველოს პრიორიტეტს და ჩვენ ვართ მზად, რომ წვლილი შევიტანოთ ამ საერთო პოლიტიკური ჩარჩოს წარმატებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება ასევე ევროკავშირის წარმატებაც, ვინაიდან საქართველო, როგორც წარმატების მაგალითი არის ისევე საინტერესო ევროპისთვის, როგორც ჩვენთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებულები, რომ ყველა ის ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით ვიკისრეთ, იქნება ზედმიწევნით, თანმიმდევრულად და დროულად შესრულებული. ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმების უწყვეტი გატარების მნიშვნელობაზე, რაც უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას. ესაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის რეალური გზა და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ინტენსიურად გავგრძელებთ ევროპული სტანდარტების დანერგვას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებთან“, - განაცხადა პრემიერმა.