"თუ სადღაც ფული იდება, ეს ყველაზე კარგი ნიშანია იმის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა"

სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება, რაც დადებითი მაჩვენებელია.

როგორც იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ევროკავშირი აფასებს იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ასოცირებსი ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა.

"მინდა ხაზი გავუსვა იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველომ განახორციელა რათა განხორციელებულიყო ის მოთხოვნები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. გასულ კვირას, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ჯეროვანი შეფასება მისცა მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენ, ყველა გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ უფრო გავაღრმაოთ პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოსი ევროკავშირთან. ასევე, ჩვენ განვიხილეთ ძალზედ მნიშვნელოვანი ექსპორტის საკითხები ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში იზრდება, რაც ძალიან დადებითი საკითხია. ვიღაცამ მითხრა,რომ ფულს სჭირდება სტაბილურობა და თუ ფული სადღაც იდება, ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.