გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველო ერთგულია გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში.
ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაინტერესდა, რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება და რა მექანიზმები არსებობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
როგორც იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, საქართველო თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ მისიებში.
როგორც იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, მთლიანად რეგიონში ახალი გამოწვევები დგას და ამ კონტექსტში ახალი მიდგომები უნდა შემუშავდეს.
„დეკემბერში ჩვენ გვექნება შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან, სადაც ჩვენ მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებს განვიხილავთ. ასევე, განვიხილავთ ღონისძიებებს, რათა შემდგომში უსაფრთხოების გარანტიები გაძლიერდეს. ვეთანხმები ბატონ პრეზიდენტს, რომ ყოველთვის შესაძლებელია, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს თანამშრომლობა უსაფრთხოების სპეცსამსახურებს შორის. ამის საჭიროება არსებობს. ამაზე დებატები მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს მაქსიმალურად ეფექტურად მოკლევადიან თუ გრძლვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები იბრალებენ, თითქოს მათი მოტივაცია რელიგიურია, თუმცა ისინი უბრალოდ დამნაშავეები არიან.
„უნდა განვასხვავოთ ერთის მხრივ რელიგიური მრწამსი, რელიგიური გრძნობები და მეორეს მხრივ, კრიმინალი. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიას ამ მიმართულებით ბევრი რამის თქმა შეუძლია და აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ დებატებში. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ახალი ინიციატივები გაჟღერდება და აღსრულდება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.