ხომ არ გაგირკვევით, როგორ მოხვდა თავის დროზე ირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემაში

ხომ არ გაგირკვევით, როგორ მოხვდა თავის დროზე ირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემაში

უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობას მიმართა, ხომ არ გაურკვევიათ, რა ნიშნით შეირჩა თავის დროზე პროკურატურის სისტემაში ირაკლი შოთაძე და ხომ არ აქვს მას რაიმე უკანონო დავალება მიღებული და შესრულებული.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავარი პროკურორის დამტკიცების საკითხი გადის, ბობოხიძემ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ "ერთ-ერთი სტიგმა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციაში ყოფნისას დაამკვიდრა, იყო ის, რომ არავის იღებდნენ სამსახურში ისე, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო ან არ იყო კაცის მჭამელი და სისხლის მსმელი".

"ხომ არ გაგირკვევიათ, როგორ მოხვდა თავის დროზე ირაკლი შოთაძე სამსახურში? მე ნამდვილად ვიცი, რომ ის მუშაობას თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად დაიწყებდა, მაგრამ მაშინდელი ოპოზიციის მიერ დასახელებული ნიშნებიდან, რომ აუცილებლად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ან საშინელი ტიპი უნდა ყოფილიყო, აქედან მაინც რომელს აკმაყოფილებდა?! ასევე ხომ არ გაგირკვევიათ, თავის დროზე ბატონ შოთაძეს მიუღია თუ არა რაიმე უკანონო დავალება მაშინდელი ხელმძღვანელების მხრიდან, რადგან ჩვენი ხელისუფლების დროს რიგითი გამომძიებელი და რიგითი თანამშრომელი არ იყო და იყო ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობის პირი. შეუსრულებია თუ არა მას რაიმე უკანონო დავალება იმ სისხლიან 9-წლიან პერიოდში?!", - აღნიშნული კითხვით ბობოხიძემ მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს მიმართა, რომელმაც პარლამენტს შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის სისტემაში კარიერა 2006 წლიდან დაიწყო.