"დღეს ჩვენ ვიხილეთ პენსიის ზრდის კამპანიის პირველი შედეგი"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, არსებობს რესურსი იმისა, რომ იანვრიდან პენსიები 50 ლარით გაიზარდოს.

მისი თქმით, კამპანია, რომელიც ერთი თვის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო, პენსიების 50 ლარიანი ზრდის მოთხოვნით, არ შეჩერდება.

„ერთი თვის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენს პენსიონერებთან ერთად დაიწყო კამპანია ქვეყანაში პენსიის 50 ლარიანი მატებისა შესახებ. დღეს ჩვენ ვიხილეთ ამ კამპანიის პირველი შედეგი, როდესაც ვაიძულეთ მთავრობა გაეთვალისწინებინა მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ნაწილობრივი ზრდა. რატომ ვამბობ ვაიძულეთ? - იმიტომ, რომ მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში მთავრობისგან გვესმოდა, რომ პენსიის ზრდა არის პოპულიზმი და ამის რესურსი არ არსებობს. ბიუჯეტი უკვე ორჯერ იყო შემოტანილი პარლამენტიში და არცერთ პროექტში არ იყო გათვალისწინებული არცერთი თეთრი პენსიების ზრდისთვის. ამიტომ ის, რომ მთავრობა ნაწილობრივ დათანხმდა ჩვენ მოთხოვნას და 20 ლარით იზრდება პოენსიები ივლისიდან, ნიშნავს მხოლოდ ერთს, ჩვენმა აქტივობამ, ჩვენი საზოგადოების აქტივობამ, პენსიონერების აქტიურობამ გამოიღო პირველი შედეგი და მე ვულოცავ თითოეულ პენსიონერს მათი შრომით და აქტიურობით მიღწეულ პირველ შედეგს", - განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, მათ მიერ დაწყებული კამპანია არ შეჩერდება.

"წინ არის უმძიმესი ზამთარი. არავის შეუძლია თქვას, როგორ მოიმატებს ფასები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე მომავალ ზამთარსა და გაზაფხულზე. არავის შეუძლია თქვას რამდენად გაუფასურდება ლარი და როგორი იქნება დოლარის კურსი მომავალ წელს, ამიტომ რა თქმა უნდა ჩენი კამპანია გაგრძელდება. ჩვენ, საზოგადოებასთან, ჩვენ პენსიონერებთან ერთად ვითხოვთ პენსიის 50 ლარიან ზრდას, უკვე პირველი იანვრიდან. ამის რესურსი ბიუჯეტში არსებობს. ეს რესურსი არის თანხა, რომელიც ბიუჯეტში ჩადებულია ჩინოვნიკების და მთავრობის წევრების ფუფუნებისთვის, მათი პრემიების და დანამატებისთვის. ამიტომ რესურსი არის და ჩვენ საზოგადოებასთან და პენსიონერებთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ პენსიის ზრდა იყოს არა 20 ლარიანი და არჩევნების წინ, როგორც ამას პირდება მთავრობა, არამედ 50 ლარიანი და მთელი წლის განმავლობაში. ამას ალბათ მივაღწევთ, ხოლო თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, მაშინ გპირდებით, რომ ამას გავაკეთებთ ჩვენ 2016 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც მშვიდობინი არჩევნების გზით გავუშვებთ ამ ხელისუფლებას სახლში", - განაცხადა ბაქრაძემ.