გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიში ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნება.
ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა პრეზიდენტის რეზიდენციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
კითხვაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული თუ შესაძლოა ევროპის შეიგნით მიმდინარე პროცესებმა იქონიოს გავლენა, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ანგარიში მაქსიმალურად ობიექტური იქნება.
"ძალიან რთულია რაიმეს ცალსახად თქმა, პროგნოზირება პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ანაგარიში, რომელიც შეეხება ვიზალიბერალიზაციას არამარტო საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ უკრაინასთან და მოგვიანებით კოსოვოსთან მიმართებაში, დაეფუძნება ძალზედ ობიექტურ კრიტერიუმებს და იქნება მაქსიმალურად ობიექტური", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მისივე თქმით, ამჟამად, ევროპა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იგულისხმება მიგრაციის უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბები.
"მიგრაცია დიდი გამოწვევაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ უზრუნველყოფს თავისუფალ მოძრაობას, ადამიანების გადაადგილებას, ასე ვთქვათ, საზღვრების მოშლას. ჩვენ ვამაყობთ შენგენის ხელშეკრულებით, რა თქმა უნდა, ამჟამად ზოგიერთ ქვეყანაში შენგენის კონცეფცია მე ვიტყოდი, რომ რისკის ქვეშ დგას, მაგრამ ის გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება და ჩვენ ვამაყობთ ამ ხელშეკრულებით", - აღნიშნა ევროკომისარმა.