„საგანგაშო მდგომარეობა. ვცხოვრობ უმძიმეს პირობებში - უმძიმესი ავადმყოფის და უმძიმესი ჯანმრთელობის პატრონი. უმძიმესი საცხოვრებელი პირობები. 54 ლარიანი სოციალური დახმარების და დედაჩემის 110 ლარის შემყურე. დედისა, რომელსაც აქვს ინსულტი და ინფარქტი, ვინ მოთვლის მერამდენედ, ფიზიკური დახმარებაც სჭირდება. ასეთი მდგომარეობისას არა მაქვს ტუალეტი, არა მაქვს აბანო, წყალი ეზოში, სარეცხი რომ გავფინო და გავაშრო ამისი პირობებიც არ არის. მთელი ჩემი ნახატები ეზოში, წყალში ყრია. სამარცხვინო მდგომარეობაა. ნახატები, აი ის ნახატები, რომელიც მოსწონთ და ღირებულია, წყალშია. აწვიმს და ათოვს. ვერასოდეს ცუდი სიტყვის სათქმელად ვერავინ გავიმეტე. მე და ჩემი საქმის შედეგი კი გამეტებულები ვართ. მე ვერ ვიმეტებ ვერავის, რადგან ყველანი ჩემი ოჯახის წევრებად მიმაჩნია. თქმით ვამბობ, მაგრამ წყლის ნაყვას ჰგავს. ვფიქრობ, ყველანი, ვისაც სახელმწიფო ჩინოვნიკი ჰქვია თავს გვჭრიან - ოზურგეთშიც და თბილისშიც, რადგან ასე მშვიდად შეჰყურებენ ჩემს ასეთ მდგომარეობას და არაფრად მიაჩნიათ. გეკითხებით რას აშენებთ? სახელმწიფოს? ასეთი დამოკიდებულებით? მე უმძიმესი დატვირთვით ვცხოვრობ. ერთი საათიც კი გაუსაძლისი იქნებოდა თქვენთვის ეს. იქნებ მოგესინჯათ? სირცხვილი, სირცხვილი და სირცხვილი ყველა ჩინოვნიკს - ოზურგეთში და თბილისში ელემენტარული უყურადღებობის გამო!!!
ეს უყურადღებობა 30 წლის მატარებელია. ვალით აღებული საკვები ამ ხნის მანძილზე. რატომ არ შეიძლება, რომ საქმე, რომელიც საფუძვლებს ქმნის ნორმალურად აღიქვათ, თავს პატივი სცეთ. მე არ მეძლევა ხატვის საშუალება. მე არა მაქვს უბრალო ადგილი, სადაც დადებ და დახატავ. 30 წელია ამაზე ვსაუბრობ. სირცხვილი და სირცხვილი. და როგორ გავაგრძელო ასეთ მდგომარეობაში არსებობა? აქ არანაირ მტრის ხატობაზე არ არის საუბარი... ეს რეალობაა.... მე ვარ წმინდა შემოქმედებითი ძიების მატარებელი შემოქმედი. ასეთი ადამიანებისათვის რა კეთდება კულტურაში? თუ სხვისთვის კეთდება და მე ვარ გამონაკლისი გამორჩენილი? მაშ რისთვის? არგუმენტი სად არის ? სასწრაფოდ საჭიროება ითხოვს მდგომარეობის შესწავლას და გამოსწორებას კარგისკენ. რადგან ამდენი ნაშრომი პირდაპირი და ირიბი გაგებით წყალშია ჩაყრილი!!! თუ ასევე მოვექცევით ყოველივეს სათქმელიც არავის არაფერი ექნება, რომ ქვეყანას ვაშენებთ. და კიდევ, შემოქმედის აღიარება მხოლოდ მაფიოზური განზრახვების გამო არ სურთ რადგან ძალადობასთან გვაქვს საქმე და ამიტომაც ამოუჩემებიათ ზეპირად, რომ თურმე სიკვდილის შემდეგ ხდება ყველაფერი. სიკვდილის შემდეგ მაფიოზურმა გაგებამ აკეთოს ფული თუ სურს. შემოქმედმა ცოცხალმა უნდა ეძიოს შემოქმედებითად და მუშაობის საშუალება ცოცხალს სჭირდება თორემ არ არსებობის შემთხვევაში არაფერი დარჩება“ - ეს წერილი, სოციალურ ქსელ ფეისბუქში ახლახანს გამოაქვეყნა. ხელს აწერს „ცა“ . „ცა“ მისთვის სიმბოლოა. ამბობს, რომ გურულ ქალს ნიშნავს. „გურულ ქალს, გოგოს ნიშნავს. ნახატზე ძველი ქართული ანბანით ვწერ - ცას სახელის და გვარის სანაცვლოდ“, - ამბობს პრესაგე.ტვ-ისთან საუბრისას. „ცა“ მხატვარია - ნიჭიერი შემოქმედი მარინა უჯმაჯურიძე. მარინა უჯმაჯურიძე, ოზურგეთში 1954 წელს დაიბადა. „დედა დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო. მამა ადრე კინოსტუდია დოკუმენტურ ფილმში მუშაობდა, შემდეგ გადაიყვანეს დამდგმელ ოპერატორად სიკო დოლიძესთან. უნდა გადაღებულიყო ფართო ეკრანიანი ფილმი „დიდი გზა“, მაგრამ შეწყდა. მას შემდეგ არ უმუშავია სტუდიაში, რადგან ხერხემალი დაუზიანდა. დოკუმენტური ფილმი ჰქონდა გადაღებული „ყაზბეგი“ რაშიც მადლობა მიიღო“, - გვიყვება ქალბატონი მარინა. ბავშვობაში არ ფიქრობდა, რომ მხატვარი გამოსულიყო. „მევიოლინე მინდოდა ვყოფილიყავი. არაფრით არ გამოვიდა ეს საქმე. ავცდი, რადგან კარგი პირობები არ გვქონდა. უნდა მეზრუნა თავიდანვე ამერჩია რაღაც ისეთი, რითაც დავინტერესდებოდი. ვინაიდან ქაღალდი და ფანქარი ჩემთვის იოლი მისაწვდენი იყო, დავიწყე რაღაცეების ვითომ ხატვა. სკოლაში, პირველ კლასში მაგალითად ორის მინუსი მქონდა ხატვაში. მეხუთე კლასში, პიონერთა სახლში ავაწრიალე ყველანი, რომ ხატვის წრე ყოფილიყო. ვეღირსე და დავდიოდი. ინვენტარით არ მოამარაგეს და მაშინდელმა პედაგოგმა დატოვა წრე და წავიდა. შემდეგ გავყევი იმ პედაგოგს სახელოსნოში. თავიდან უარი მითხრა, შემდეგ დიდი ხვეწნა მუდარით დამტოვა, რადგან ვუთხარი შენგან მომზადება არ მინდა თაბაშირებს დავხატავ თქო. დავითანხმე. იქ ოთხნი იყვნენ და ძალაუნებურად გვასწავლიდნენ და გვისწორებდნენ. ჩემთვის მთავარი ფემალ მიმინოშვილი იყო, რადგან განსხვავებულად აკეთებდა ნახატს და ასევე აზროვნებდა. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. იმ წელს ექსპერიმენტის წლად გამოაცხადეს და განსხვავებულად ჩავაბარეთ გამოცდები. ვაბარებდი წიგნის გრაფიკაზე. დამსვეს პედაგოგიკის ფაკულტეტზე. შემდეგ მეორე კურსიდან გადამიყვანეს კინო-ტელე ფაკულტეტზე დიმიტრი თაყაიშვილთან“. ასე, ნელ-ნელა, რვეულში გაკეთებული ნახაზებიდან დიდ მხატვრობამდე მივიდა მარინა უჯმაჯურიძე. მისი ხელოვნება ბევრჯერ აღიარეს პროფესიონალებმა, თუმცა მისი ნახატები, სადაცაა განადგურდება... ავარიულ სახლში წვიმს, თოვს, სიცივეა... ნახატების მრავალფეროვნებასაც უჭირს ოდნავ გაათბოს მნახველი. ფეისბუქის გვერდზე ბევრი ჩანაწერი აქვს... რამდენიმე მხატვართა კავშირს და გია ბუღაძეს ეხება... თავის პრობლემაში, გარკვეულწილად ბუღაძესაც ადანაშაულებს. „გია ბუღაძეს პრობლემები აქვს. პროფესია ვერ აირჩია კარგად. მხატვრობაში არაფერი გამოსდის და არც არასოდეს გამოსდიოდა. აზრზეც არ იყო და არც ახლა არის რა არის მხატვრობა. ის ფოტოებიდან აკეთებდა კონტურებს და შემდეგ ღებავდა. ეს არ შეიძლება ნახატი იყოს. ასე ხომ თქვენც დახატავთ და რიგითი ქუჩაში გამვლელიც. მხატვრობას მასხარად იგდებს და პროფესიასაც. უფრო კარგად აგიხსნით - სურათს გადაიღებ, საპრექციო აპარატში ჩადებ ლენტს, შემდეგ მიაშუქებ კედელზე ან ტილოზე. ვთქვათ არის ხე - ტოტებით შემოხაზავ კონტურებს და კონტურის მიხედვით შეღებავ. ეს არის სულ. ვინც ეს არ იცის, იმის მოტყუებაა ადვილი. ეს არის სულ მისი მხატვრობა. ხატვა კი არ იცის. ის ჩემი კურსელია და მე კი არა, ყველამ ვიცით მხატვრობაშიც რა და რისი მცოდნეა. ყოველთვის შურდა აშკარად, რომ რაღაცას ვახერხებდი. ამის გამო, რომ დავეთრგუნე ილანძღებოდა, ყველგან მამცირებდა. აკადემიაში ამას ვერ ბედავდა ვიღაც გააბრტყელებდა, მაგრამ შემდეგ კი ხმა ამოიღო. ხერხი იპოვა ჩემი განადგურების და ფარული მუშაობა გამართა ჩემზე ჯიბსონ ხუნდაძესთან ერთად. ეს ის ხალხია, რომლებიც ყველა მხატვარზე მუშაობდნენ ყოველი ხერხით, ოღონდ თავიდან მოეშორებინათ და მათ გარდა, სხვისი სახელის ხსენება არ ყოფილიყო. როგორც კი ეს აღმოვაჩინე თანმიმდევრული ყურადღება გავამახვილე, როგორ მოქმედებდნენ და რას აკეთებდნენ. ბაიბურშიც კი არ იყვნენ მე თუ რაიმეს ვაკვირდებოდი და ვიცოდი. იმედიანად ხალისობდნენ და დიდი იმედი ჰქონდათ, რომ როგორც სხვები მოსპეს და მოთხარეს ასევე მეც მომიღებდნენ ბოლოს. მე მძიმედ ვიყავი ავად. სიკვდილის პირას. ომის შემდგომი პერიოდი იყო. 1993 წელი. უფულოდ და უპატრონოდ, 16 წელი თითქმის მწოლარემ, ავადმყოფობაში გავატარე. შემდეგ დედაჩემს დაემართა ინსულტი და ინფარქტი. გამგეობაში ვიღაც ჩინოვნიკმა უხეში პასუხი გასცა და დღემდე მწოლიარეა. იძულებული გავხდი ავადმყოფს ამეღო დედაჩემის პატრონობა თავზე, რადგან სხვა გზა არსაიდან ჩანდა. წამებაში ვატარებდი დღეებს. რთული ყოფითი პირობები, რთული გარემო და ამ მდგომარეობით კარგად ისარგებლა ხუნდაძემ და ბუღაძემ. უფრო მირთულებდნენ გარემოს. როგორც ხდება ხოლმე როცა ვინმეს ამოიჩემებენ. ასეთი ამოჩემებული ვიყავი, რადგან ასეთ მძიმე პირობებში, როცა პურის ფული არ ჰქონდათ ადამიანებს, მე, ავადმყოფი ვახერხებდი ხატვას, თბილისში ჩატანას და გამოფენების გაკეთებას. სულ ახალი და ახალი ნახატებით. ეს სათქმელად იოლია, დიდი ტანჯვა იყო. დრო არ გამიცდენია. ყოველ წელს გამოფენას ვაკეთებდი. ესენი კი ფონს მიქმნიდნენ, რომ ვიღაცა ვიგინდარა ვიყავი და ჩემს გამოფენაზე შემოსვლა და ნახვა არ ღირდა. პირდაპირი გაგებით კარებში იდგნენ, რომ გამოფენაზე არავინ შემოსულიყო. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არსად გამოჩენილიყო ჩემი გვარი. ეს დისკრიმინაციაა. მაგათ კი ეგონათ ფარულად აკეთებდნენ და ბოლოს ასე არ დარჩა. ყველაფერი ვიცოდი. ჩემი ნახატები ფოტოზე და ეკრანზე კარგად იკითხება. პირველი გამოფენა როგორც კი გავაკეთე მაშინვე აიტაცეს ტელევიზიებმა და თითქმის თვეში ორჯერ მაინც აჩვენებდნენ. როგორც კი ტელევიზიაში დაიწყო ბუღაძემ მუშაობა მალევე დაიწყო ჩემი ხსენების ამოშლა და გადავიწყება ამას ჩემი მწოლიარე ავადმყოფობაც დაერთო. როგორ ვიბრძოდი და ვწვალობდი საქმე ხელიდან არ გამეგდო და საქმედ დარჩენილიყო. ავადმყოფს ხელით წამომაყენებდნენ და ასეთი ვმუშაობდი უმძიმეს ტკივილებში. თითქოს არაფერი მაწუხებდა ისე ვიქცეოდი. მე ვცდილობდი მაქსიმალურად. მე ჩემი ავადმყოფობის გამო ნახატი არ გამიყიდია რადგან მე ვიცოდი, რომ ყოფითი სხვა საჭიროებას ითხოვს, სულის კიდევ - სხვას. ამ პრინციპს არასოდეს ვარღვევდი. მხოლოდ დედაჩემის ავადმყოფობის გამო, ერთხელ ჩემმა დამ გაყიდა სხვა გზა არ იყო - ეს იყო მძიმე აუცილებლობა“. ქალბატონო მარინა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სწორედ ნახატების არ გაყიდვაა თქვენი სოციალური გაჭირვების მიზეზი - მე, მხატვარს შეიძლება პოლიტიკა არ მესმის მაღალ პროფესიულად, ანდა სულაც, არ მესმის. ან კიდევ რატომ უნდა მესმოდეს - არ არის აუცილებლობა. პოლიტიკოსს კიდევ შეიძლება მხატვრის არ ესმოდეს. ეს დასაძრახი არ არის. თუ ვაღიარებთ, ასეა, მაგრამ მცოდნენი ხომ არსებობენ არა? ბუღაძისნაირები არ მყავს მხედველობაში, ნამდვილი მცოდნენი. კულტურა ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტია სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველში და ერთ-ერთი კულტურის მნიშვნელოვანი დარგი მხატვრობის - ფერწერა. რომელი ხელისუფლების წარმომადგენელი იტყვის, რომ ეს ბერკეტი მოვანგრიოთ? ესე იგი ვერ ერკვევა კულტურის მნიშვნელობაში, ანდა სახელმწიფოს მშენებლობის რა ბერკეტებია საჭირო არ იცის. მე თუ პოლიტიკის არსი არ მესმის, შემიძლია, ვთქვა პარლამენტი გაყიდოს ხელისუფლებამ და ხელისუფლებამ ამით ირჩინოს თავი?! დაახლოებით ასეთივე ნათქვამია თუ ვიტყვით, რომ მხატვარმა ნამდვილი შემოქმედება გაყიდოს. ეს ყოფილა თურმე ჩემი ცუდი სოციალური ფონის მიზეზი?! მაგის მთქმელი ვერ ერკვევა რა არის კომერციული და არაკომერციული, რადგან არაკომერციული მაღალი კულტურის ნაწილია. ამიტომ, კი არ უნდა გავყიდოთ, შევინახოთ და მოვუაროთ ვიდრე დრო ჟამი არ გაცვეთს. ჩემი მძიმე ავადმყოფობის გამო არ გამიყიდია ნახატი. ხომ შეიძლებოდა ნორმალურად ეკითხა ვინმეს რაშია საქმეო და ჩემი პასუხის შესაბამისი პასუხით ემოქმედათ. აღნიშნეთ რომ ხელისუფლება არ გეხმარებათ... ისინი კი ამბობენ რომ დაგეხმარნენ – შეშით, ფულადი დახმარებით. - რადგან ასეთ დაუნდობელ კითხვას სვამ, მეც ასევე გიპასუხებ, რადგან დაზარალებული მუდამ მე ვარ. შემობრძანდით, თქვენი თვალით იხილეთ ის რა პირობებში ვაღამებ და ვათენებ და ისიც ფაქტია, თუ ვინმე ვთქვათ, ხელი გამომიწოდა დღე-ღამეებს რესტორანის ქეიფში ნამდვილად არ ვატარებ. ულუკმაპუროდ დარჩენილმა ვაკეთე გამოფენები. არავინ შევაწუხე მაშინ, როდესაც გურიის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხო სვიმონიშვილმა ულუკმაპუროდ დამტოვა, რადგან დამიწერეს ფარული საჩივარი, რომ თურმე მე ვყოფილვარ უკანონო მხატვარი. ამის ხარჯზე ავთო თავართქილაძემ და ვახტანგ მამეიშვილმა იხეირეს. საერთოდ, ზუსტად ეს ხალხია დახმარებული ხელისუფლებისაგან და ვეხმარებითო მაგათზე უნდა თქვან. მათ დაწერილ განცხადებას ის მოჰყვა, რომ 7 წლის მანძილზე არავის ჩემი ამბავი არ უკითხავს. ესენი მხატვრების სიაში არც სწერია და კულტურას როგორ ეხმარებიან ოზურგეთში, ეს არის საკითხავი. იმ კულტურას, სადაც სახელმწიფო გალერეა საკუთრებად იყო გადაქცეული და პირად ინტერესებისთვის იყენებდნენ, გალერეა ოჯახურ ბიზნესად არის გადაქცეული კარგა ხანია. ეხმარებიან იმათ, ვისაც კულტურის წინააღმდეგ წლების მანძილზე შური ამოძრავებდათ. სატანურია მარინას ნახატებიო და კედლიდან ჩამოყარა თავართქილაძემ გამოფენის მაგიერ. რა არის ოზურგეთში დაფასებული თავად განსაზღვრეთ. მე თუ ასი ლარი მომცეს ჩემი ავადმყოფობისთვის, ელემენტარული პურის ფულით ვაკეთებდი საქმეს და მე მგონი, ასეთ რამეებს არავინ აკეთებს. რომელიმე ხელისუფალმა, ან რომელიმე ჩინოვნიკმა ხელფასი მე გამომიგზავნა - მე მოვკვდები მშიერი ოღონდ შენ საქმე გააკეთეო? ასეთ თემებზე საუბარი მძულს, მაგრამ უსამართლო შეურაცხყოფის მოთმენა არ შემიძლია. ბოლო წელზე კიდევ არაფერს ვამბობ, რადგან ასე ჩანდა, რომ ჩემი დახმარება მოინდომეს, მაგრამ 30 წლის უბედურებას წელიწადნახევარში ვინ გამოასწორებდა. რადგან ულუკმაპუროდ ვიყავი დარჩენილი შარშან მომცეს 2400 ლარი. ყოველ თვე - 200 ლარი. ყოველდღიური ბაზრის ვალის ნაწილი გავისტუმრე და იმ თანხით ფოტო აპარატი ვიყიდე, რადგან საქმეს აუცილებლად სჭირდებოდა. ეს არის და ეს. წელსაც სათუოზე ვიყავი. არ ვიცოდი რა იქნებოდა პასუხს არავინ მეუბნებოდა. სიტყვიერად თანამდგომას ნამდვილად გამოხატავდნენ. მათ შორის -გუბერნატორი. სახლზეც იყო საუბარი. ჩემი წერილი შემდეგ მითხრეს, დამინიშნეს ყოველთვიური 300 ლარი. ბინის ყიდვა არ მინდა. მომეხმარონ, რომ მეორე სართული გავაკეთო, იმისთვის რომ ვიმუშაო. მე ქონებას არ ვაგროვებ. ამჟამად მიჭირს და მინდა დახმარება. თან უმძიმესი ავადმყოფიც მყავს. უმძიმეს საქმეს ვარ ჩაჭიდებული, რომელიც მეტად ღირებულია და ეს საქმე როგორმე უნდა გავაგრძელო - გამოფენა გავაკეთო ახალი. ამისთვის უამრავი ენერგიაა საჭირო. დამხმარე ფიზიკურად და მორალურად არავინ მყავს. ყოველი სირთულის წინაშე მარტოდ ვარ პირისპირ შერჩენილი. გუბერნატორი დამპირდა დახმარებას. ქალბატონო მარინა, საქართველოდან წასვლაზე არასოდეს გიფიქრიათ? - თუ სახლი გაქვს შენს ქვეყანაში, შენი ქვეყნის ქუდი გახურავს რა ღარიბიც არ უნდა იყო, ისევ შენს სახლში უნდა იყო და ცდილობდე შენი ოჯახისათვის დოვლათის შემოტანას. იძულებული გამხადეს მეყვირა. მე ამ გაჭირებაში დიდი საქმეები ვაკეთე მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მიუხედავად შევიწროებისა. გაეროს წარმომადგენელი იყო ჩამოსული ოზურგეთში. ხელშეკრულებაც დაიდო. ჯო კოკერის პროდიუსერი იყო. ბილეთის ყიდვას და ევროპის საუკეთესო საგამოფენო ცენტრში გამოფენის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ მე არ წავედი. მე ელემენტარული თანადგომა მინდოდა მხოლოდ ჩემს სახლში, ჩემი გარემოს თანდასწრებით. ისინი მიდიან, ვისაც ფულის შოვნა უნდოდა. ფულის აუცილებლობა ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა. როდესაც ირინა ინარიძის (ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი) იდეის მიხედვით მეორე სკოლაზე გავაკეთე გამოფენა, გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა შეწუხებული თქვა - არ ვიცოდი ასეთი მხატვარი თუ იყავიო. რა თქმა უნდა, მივუტევე და ვფიქრობ, რომ ახლა ნამდვილად გულითადად არის ჩემი შემოქმედების მიმართ. ისე თბილისში გამოფენები ბლომად მქონდა. იმდენად ცუდად მოქმედებდა ჩამძახებელი, რომ გამოფენისაკენ არვინ იხედებოდა, მხოლოდ ნანა ტრაპაიძე და ირინა გოგუაძე გამოხატავდა ამ წუხილს მუდამ. დანარჩენები ეჭვის თვალით მიცქერდნენ თითქმის იქამდე, ვიდრე გაზეთით (გაზეთ გურია ნიუსზე საუბრობს ქალბატონი მარინა) არ მივაწოდე ხალხს ინფორმაცია. ოზურგეთის სამხატვრო გალერეის დირექტორი, ავთო თავართქილაძე კი უჯმაჯურიძის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. ბატონო ავთო, მარინა უჯმაჯურიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელმაც მიხო სვიმონიშვილს წერილი გაუგზავნა აბსურდული ბრალდებებით და მას ამის გამო საარსებო წაართვეს. ამბობს იმასაც, რომ არ ხართ ის ადამიანი, რომელმაც შეიძლება ხელოვნებას უპატრონოს და ამბობს იმასაც, რომ გია ბუღაძის დავალებით, მასზე ახორციელებთ ზეწოლას - მე რა უნდა გითხრათ ახლა. არაფერი გაქვთ სათქმელი? მე ის პრეტენზიები გაგაცანით, რაც მარინა უჯმაჯურიძეს თქვენს მიმართ აქვს - ბევრი რამე შეიძლება თქვას მარინამ და მე რა ვქნა, თავის მართლების პოზიციაზე ვერ ვიქნები. ამბობს და ამბობს. თქვენ მისი გჯერათ. მე ვსვამ კითხვებს და ვცდილობ მივიღო პასუხები. ჩემი პირადი მოსაზრება აქ არაფერ შუაშია. - მე კითხვაზე უფლის წინაშე რომ წავრსდგები, მაშინ გავცემ პასუხს. მაგიც მეყოფა, როცა მოვა დრო და განვისჯები ჩემი ცოდვებისთვის. ახლა რა კითხვას სვამთ თქვენ, სასამართლოში ხომ არ ვართ კაცო. რა შუაშია სასამართლო. მე ვარ ჟურნალისტი, ვამზადებ მასალას და გირეკავთ კომენტარისთვის. - არც ვიცი რა თქვით. მირეკავთ და მეუბნებით ვიღაცამ რაღაც თქვაო. გეუბნებით, რომ ინტერვიუს დროს, ქალბატონმა მარინამ საკმაოდ სერიოზულ პრობლემებზე და ბრალდებებზე ისაუბრა. - რა ვქნა მე, რა გავაკეთო? მან ისაუბრა. მეტი რა გავაკეთო. უჯმაჯურიძის ბრალდებების კიდევ ერთი ადრესატი, მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი ამბობს, რომ მიხო სვიმონიშვილს პირადად არასდროს შეხვედრია და მისთვის გაუგებარია საიდან მოდის უჯმაჯურიძის ბრალდებები: - ეს არის მოგონილი ზღაპარი. სვიმონიშვილთან რამდენჯერმე ვიყავი და არ მიმიღო. სალაპარაკოდ არასდროს შევხვედრილვარ. მიკვირს საიდან მოდის ეს ამბები. ბატონო ვახტანგ, უჯმაჯურიძე ამბობს, რომ გია ბუღაძის დავალებით მიზანმიმართულად ხდება მისი დაბლოკვა. იხსენებს შემთხვევას, როდესაც სამხატვრო გალერიედან მისი სურათები ჩამოყარეს და აღნიშნეს, რომ სატანური ნახატები იყო... - გია ბუღაძე საერთოდ არაფერ შუაშია. მარინას თავისი პრობლემები აქვს იქ. ერთხელ იყო ბუღაძე ოზურგეთში ჩამოსული. ბიბლიოთეკაში შევხვდა მარინას და იქ მოხდა მაგათ შორის შეხლა-შემოხლა. ბუღაძე კიდევ არ აჰყვა, ეს აგინებდა და ლანძღავდა. რა იყო ამის მიზეზი? - არ არის გია ბუღაძე ისეთი ბოროტი პიროვნება, რომ თავისი თანაკურსელის მიმართ, რომელსაც უდიდეს შეფასებას აძლევდა და ამბობდა ძალიან ნიჭიერაო, რაიმე თქვას. არასოდეს ჩემთან მსგავსი რამ არ უთქვამს. მარინა უჯმაჯურიძის ბრალდებები უსაფუძლოა? - ნამდვილად. არ ვიცი რისთვის სჭირდება ამ ხმაურის ატეხვა. თუ ფიქრობს, რომ ამით მთავრობა დაეხმარება, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მხატვრები თავიანთ ნაშრომებს ყიდიან და ამით ასწორებენ ფინანსურ მდგომარეობას. მარინა კი ამას არ აკეთებს. ამიტომ, თუ მთავრობა დაეხმარება მე ამის მომხრე ვარ და ვიქნები. სხვათაშორის, რამდენჯერმე ვიყავი ყოფილ ხელმძღვანელობასთან ამ თხოვნით მისული. ჩვენ ვეცადეთ გია ბუღაძესა და ჯიბსონ ხუნდაძესაც დავკავშირებოდით, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული მათი ტელეფონის ნომერები გამორთული აღმოჩნდა. თუ მათ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სურვილი გაუჩნდებათ, ჩვენ მზად ვართ მათაც მოვუსმინოთ და მათი არგუმენტებიც გავაცნოთ საზოგადოებას. |