საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმ ერთიან და მთლიან სურათში, რასაც წარმოადგენს თანამედროვე ევროპა.
როგორც პრეზიდენტმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს, როგორც ევროპული სამეზობლოსთვის კონტრიბუტორი ქვეყანა.
„ჩვენ ახალ აქცენტებსა და ახალ პოლიტიკას ვიხილავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმ ერთიან და მთლიან სურათში, რასაც წარმოადგენს თანამედროვე ევროპა, ევროპული სამეზობლო და საითკენაც მიისწრაფიან ეს ქვეყნები. აქედან გამომდინარე, საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს, როგორც ევროპული სამეზობლოს ქვეყანა, მაგრამ გარდა ამისა, საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან როლს, როგორც ევროპული სამეზობლოსთვის კონტრიბუტორი ქვეყანა. ნება მომეცით ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან განვითარებას, რასაც საქართველო ამ თვალსაზრისით ახორციელებს. პირველ რიგში ესაა საქართველოს ტრანზიტული შესაძლებლობები. ქვეყანა აკავშირებს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ არეალებს ერთმანეთთან, ესაა ის პროექტები, რომელშიც ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან აქტიურადაა ჩართული. ესაა ენერგომატარებლების პროექტი, სატარანსპორტო პროექტები, როემლიც კასპიის ზღვას აკავშირებენ შავ ზღვასთან, რეალურად აზიის რესურსებს აკავშირებენ ევროპასთან და პირიქით. ამ ფუნქციიდან გამომდინარე საქართველო, როგორც ევროპისთვის, ასევე ევოპის სამეზობლოს არეალისთვის ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და ამის განვითარების და გამტკიცების ერთგულია, ამ პოლიტიკას ატარებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობით არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან და თურქეთთან. ესეც თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვან არეალს ქმნის და ასეთი ლიბერალური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ თავიდანვე ვახორციელებდით და ვაღრმავებთ მნიშვნელოვანია სამეზობლო თანამშრომლობისათვის. მინდა აქვე ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ "ფიზიბილითის" განვითარება, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით და ჩვენს პოლიტიკურ დღისწესრიგში ძალიან აქტიურია შეერთებული შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ასევე სამაგალითოა ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით. ეს ბიზნესკლიმატი გამოიხატება ჩვენს ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკაში, დაბალ გადასახადებში, კორუფციის და კრიმინალის დაბალ დონეში და აგრეთვე იმ მაღალ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის ხელმოწერისთანავე საქართველოს პოლიტიკა იყო სამეზობლო თანამშრომლობების გაღრმავება
"თუნდაც მაგალითად თუ შევხედავთ ჩვენს თანამშრომლობას სხვა გეოპოლიტიკური ბლოკის ქვეყანასთან ისეთი, როგორიც არის სომხეთი, ჩვენ ვნახავთ რამდენად აქტიურად ვმუშაობდით იმაზე, რომ ჩვენი ვეროპის ნაწილად ყოფნა და სომხეთის სავაჭრო თვალსაზრისით გაერთიანება ევრაზიულ კავშირში არ ყოფილიყო ხელის შემშლელი წინაპირობა ვაჭრობის თვალსაზრისით. ჩვენ ვართ შავი ზღვის ქვეყანა, ზღვის რომელიც უმნიშვნელოვანესია ევროპისათვის. თუ ჩვენ შევხედავთ შავ ზღვას დავინახავთ, 2014 წლიდან შავი ზღვა გახდა ევროპული ზღვა, რომელის ირგვლივაც გაერთიანებულია თითქმის ყველა ქვეყანა რუსეთის გარდა, ყველა ჩართულია ევროპული თანამშრომლობის კონტექსტში და ეს როლი გასაღრმავებელია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.